ქართული ოცნება

ოცნება: თუ ზურაბიშვილი გულისხმობს, რომ ომში უნდა ჩავრთულიყავით, კეთილი ინებოს, ღიად თქვას

ქართული ოცნება

ქართული ოცნება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის 14 მარტის გამოსვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მას აკრიტიკებს. პარტია აპირებს, მის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს. 

ოცნების განცხადებით, პრეზიდენტი "შეუსაბამო განცხადებებს აკეთებს" და აღნიშნავს, რომ ეს "გაუგებარი და შეურაცხმყოფელია". 

"გუშინ ჩვენ ასევე მოვისმინეთ საქართველოს პრეზიდენტის რამდენიმე გაუგებარი განცხადება მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. მათ შორის ერთ-ერთი „გამორჩეული“ იყო შემდეგი ფრაზა - „ხელისუფლება სცოდავს, როცა ვერ ბედავს გამოხატოს ის, რასაც ჩვენი ისტორია და ღირსება გვკარნახობს“. ამასთან, ამგვარი შეურაცხმყოფელი ფრაზის მიღმა, მას არ დაუკონკრეტებია, თუ რას გულისხმობს ხელისუფლების გაუბედავ და უღირს მოქმედებაში. შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ მკაფიო პოზიცია გამოხატა ყველა საერთაშორისო ფორუმზე, ყველა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისას, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასა და რუსული აგრესიის მიმართ რეაგირებას უკავშირდებოდა - იქნებოდა ეს ევროსაბჭოში რუსეთისთვის წევრის სტატუსის შეჩერება, გაეროს რეზოლუციის თანასპონსორობა, ჰააგაში შეტანილი საჩივრის თანაავტორობა თუ სხვა. თუ პრეზიდენტი გულისხმობს იმას, რომ საქართველო სანქციებს უნდა მიერთებოდა და ომში უნდა ჩართულიყო, კეთილი ინებოს, თავად გამოიჩინოს გამბედაობა და ეს ღიად თქვას. იმედი გვაქვს, ის არ იმეორებს რადიკალური ოპოზიციის ტაქტიკას, რომელიც სანქციებსა და ომზე ღიად ვერ საუბრობს, თუმცა, ყველა პროვოკაციით ცდილობს, ხელისუფლებას სწორედ აქეთკენ უბიძგოს".- აღნიშნულია განცხადებაში. 

ამასთან, საქართველოს მთავრობა ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დავას იწყებს

მმართველი პარტიის განცხადება სრულად ნახეთ აქ. 

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ მთავრობამ ევროპის ქვეყნებში სამუშაო ვიზიტებზე წერილობითი უარი უთხრა და მათ დასაგეგმად პირადი კონტაქტები გამოიყენა. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, თუ ზურაბიშვილმა ვიზიტებზე სიმართლე თქვა, კონსტიტუცია დაარღვია და, მისივე სიტყვებით, პარტია საკითხში "გაერკვეოდა". 

პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისა და ქართული ოცნების წევრების მიერ მისი გაკრიტიკების შემდეგ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ არ ჰგონია, საქმე მის იმპიჩმენტამდე მივიდეს. 

უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველო არ აპირებს, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდეს

"რას მთხოვენ, საკუთარ ხალხს დავუწესო სანქციები? ვის მოაკლდება შემოსავალი?" - თქვა ღარიბაშვილმა, რომელიც ამტკიცებს, რომ რუსეთტან ბაზრის გახსნას "ეროვნული პოლიტიკით მიაღწიეს". საქართველოს პრემიერმინისტრი ამბობს, რომ კიევის დაბომბვის შემჩერებელი არავინ არის და, მისივე სიტყვებით, სანქციები არაეფექტურია.  

სანქციებზე "ამორალური პოზიციისა" და უკრაინაში მოხალისეების არგაშვების გამო პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი 1-ელ მარტს გაიწვია. ელჩი ქვეყანაში 14 მარტს დაბრუნდა

კომენტარები