რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბორელი: არასაფრენი ზონის გამოცხადება ომის მესამე მსოფლიო ომში გადაზრდას ნიშნავს

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა გამოცემა El Periodico-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ ევროკავშირი რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის დასახმარებლად ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია.

"სამხედრო თვალსაზრისით ყველაფერს ვაკეთებთ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, ვეხმარებით უკრაინის წინააღმდეგობას სამხედრო აღჭურვილობით, ფრთხილად ვიქცევით, რათა ომი სხვა ქვეყნებზე არ გავრცელდეს და ვირიდებთ დაპირისპირებას, რომელიც შესაძლოა ბირთვულ დაპირისპირებაში გადაიზარდოს.

არასაფრენი ზონის გამოცხადება ნიშნავს, მისი დამრღვევი რუსული თვითმფრინავების ჩამოგდების სურვილის და შესაძლებლობის ქონას. ეს გადაზრდის ომს მესამე მსოფლიო ომში და ცხადია, ეს ჩვენ არ გვინდა." - თქვა ბორელმა.

ბორელის თქმით, დასავლეთი ყველაფერს აკეთებს უკრაინის დასახმარებლად კონფლიქტში ჩართვის გარეშე.

"სანქციებს ერთ ღამეში ომის შეჩერების უნარი არ აქვთ,  მაგრამ მათ შეუძლიათ რუსეთის ეკონომიკის დასუსტება და რუსეთს ეს ძვირი დაუჯდება. ჯერ კიდევ არსებობს ენერგიის იმპორტის პრობლემა, მაგრამ იმპორტს შევამცირებთ რაც შეიძლება სწრაფად." - თქვა ბორელმა.

რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქების, მშვიდობიანი დასახლებული პუნქტების დაბომბვის გამო უკრაინა დასავლეთისგან ცის ჩაკეტვას და უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის გამოცხადებას ითხოვს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები