რუსული კანონი

TV იმედი: ო'ბრაიენს ივანიშვილის სანქცირების კონკრეტული პაკეტი ჩამოაქვს

ქართული ოცნება

სამთავრობო მედია იმედის ცნობით, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო'ბრაიენს საქართველოში "ბიძინა ივანიშვილის სანქცირების კონკრეტული პაკეტი" ჩამოაქვს.

"ვრცელდება ინფორმაცია, რომ შედგება შეხვედრა ო'ბრაიენსა და ბიძინა ივანიშვილს შორის და ამ შეხვედრაზე საუბარი შეეხება ივანიშვილის სანქციებს.

ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, ამ შეხვედრის შემდეგ მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე მიმართავს გუნდის წევრებს, გაითვალისწინონ მისი თხოვნა და გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით პოზიციები შერბილდეს.

გავრცელებულ ინფორმაციაზე კეთდება პოლიტიკური შეფასებები, მმართველი გუნდი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ სანქციების გამო უკან არ დაიხევს" - თქვა TV იმედის წამყვანმა 17:00-იანი ქრონიკის ეთერში, ამის დასტურად კი, დეპუტატების - ირაკლი ქადაგიშვილის და რატი იონათამიშვილის კომენტარები გაუშვა.

"ბიძინა ივანიშვილი არ არის ის პიროვნება, ის ადამიანი, რომელიც ამა თუ იმ მუქარის თუ სანქციების შიშის გამო უარს იტყვის საქართველოზე, საქართველოს ინტერესების დაცვაზე, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ფაქტობრივად, ორი წლის განმავლობაში იგი ფაქტობრივი არაფორმალური სანქციების ქვეშ ისედაც იმყოფება და ერთხელ არ უღალატია თავის ქვეყნის ინტერესებისთვის.

რაც შეეხება იმას, რომ შემოთავაზება ბატონ ო ბრაიენის მხრიდან იყოს გაკეთებული, ქართულ-ამერიკულ სტრატეგიულ პარტნიორობას სჭირდება ნამვილად ახალი ძლიერი იმპულსის მიცემა... 

თუ იქნება კანონთან დაკავშირებით ჩვენი პარტნიორების მხრიდან არა ლოზუნგი კვლავ წამოწეული, არამედ კონკრეტული რეკომენდაცია, რომლითაც ისინი კანონის გარშემო ისაუბრებენ, ჩვენ მზად ვართ, რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის ურთიერთობის, განხილვის და შეჯერებისთვის" - ამბობს ქადაგიშვილი TV იმედთან.

რატი იონათამიშვილის თქმით კი, "ცხადია, ჩვენ ბიძინა ივანიშვილს უდიდეს პატივს ვცემთ, ვინაიდან ის არის ამ ქვეყნის ძალიან დიდი პატრიოტი და ერთგული ადამიანი, ამიტომ დაუჯერებელია, რომ მან საქართველოს ინტერესების საზიანოდ სანქციების თუ სხვა მუქარის საპასუხოდ უკან დაიხიოს, ეს არის ფაქტი, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის".

აღსანიშნავია, რომ ო'ბრაიენსა და ივანიშვილს შორის დაგეგმილ სავარაუდო შეხვედრასა და სანქციების პაკეტზე ინფორმაცია Imedinews.ge-ზეც განთავსდა, თუმცა, მხოლოდ რამდენიმე წუთით. სამთავრობო ტელეკომპანიის ვებგვერდზე ეს პუბლიკაცია აღარ იძებნება.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო'ბრაიენი 14 მაისს თბილისში ჩამოვა და ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება.

"ო'ბრაიენი საქართველოში ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება, რათა გამოხატოს აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერა ქართველი ხალხისა და საქართველოს სურვილისადმი, რომელიც მიმართულია მშვიდობიანი, აყვავებული და უსაფრთხო ევროატლანტიკური მომავლისკენ". - წერს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი.

მანამდე, ო'ბრაიენის საქართველოში მიმდინარე მოვლენებს X-ზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულია იმ ადამიანებზე ძალადობით, რომლებიც "კრემლის მიერ შთაგონებულ კანონს" ეწინააღმდეგებიან.

აღსანიშნავია, რომ ჯიმ ო'ბრაიენის საქართველოში ვიზიტი რუსული კანონის მესამე, საბოლოო მოსმენით განხილვის პერიოდს ემთხვევა.

კომენტარები