რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კიევის ოლქში კადიროვის შენაერთებმა დაჭრილი რუსი ჯარისკაცები დახვრიტეს

კიევის ოლქში, სოფელ ბოროდიანკასთან ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის შეანერთებმა დაჭრილი რუსი ჯარისკაცები ბელარუსში გადაყვანის ნაცვლად, დახვრიტეს. ინფორმაციას Украинская правда უკრაინის დაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ცნობით, დახვრეტილთა შორის 36-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის ერთ-ერთი დანაყოფის წევრები არიან.

რადას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრის, ფედორ ვენისლავსკის თქმით, საოკუპაციო ძალების არმიაში სპეციალური შენაერთები არსებობს, რომლებიც უკანდახეულ და გაქცეულ სამხედროებს ესვრიან. მისივე თქმით, ეს დანაყოფები სწორედ კადიროვის მებრძოლებისგან შედგება. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები