საქართველო-რუსეთი

მდინარაძე: უსაფუძვლო და შეგნებული აჟიოტაჟია, თითქოს რუსების დიდი მიგრაცია შეინიშნება

ტაბულა

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე პარტიის ოფისში გამარტულ ბრიფინგზე დიდი რაოდენობით რუსეთის მოქალაქეების საქართველოში მიგრაციას უსაფუძვლოსა და შეგნებულად შექმნილ აჟიოტაჟს უწოდებს.

მდინარაძის ამბობს, რომ რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის ამბავს ნეგატიური კამპანიები მოჰყვა და განსაკუთრებული ყურადღება ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის კამპანიას ეთმობა – "როგორც უკვე გავახმოვანეთ, სხვა ქვეყნის მოქალაქის საქართველოში შემოსვლის დროს შესაბამისი უწყებები აზღვევენ ყოველგვარ თეორიულ რისკსაც კი და შემოშვების შესახებ, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში კომპეტენციის შესაბამისად იღებენ ინდივიდულურ გადაწყვეტილებას.

რადიკალური ოპოზიციის ყველა სპიკერს და პარტაქტივს დავალებული აქვს, რომ ნებისმიერი შესაძლებობისას, რაც შეიძლება მეტჯერ გაიმეორონ, რომ საქართველოს ყავს რუსული ხელისუფლება, ეს კამპანია წარმოებს საქართველოს ფარგლებს გარეთაც, როგორც ჩანს, მათ მართლაც ყავთ დაქირავებული ლობისტები". – ამბობს მამუკა მდინარაძე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოში რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების მასიური შემოდინების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაციას უწოდებს. უწყება აცხადებს, რომ მიმდინარე პერიოდში ქვეყანაში შემომსვლელ პირთა რაოდენობა არ აღემატება გასულ წლების ანალოგიური პერიოდის სტატისტიკას. 

უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო მსოფლიოს ქვეყნების მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის მოქალაქეები ქვეყანას მასობრივად ტოვებენ, მათ შორის, საქართველოში მიემგზავრებიან. შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დღეს, 9 ამრტს ჟურნალისტებთან საუბირისას თქვა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში რუსეთიდან 20 000 მოქალაქე შემოვიდა, 3 000 კი ჯერ არ გასულა.

პარალელურად, ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტმა უკვე დაიწყო მუშაობა კანონპროექტის გამკაცრებაზე, რომელიც "ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების წინააღმდეგ იქნება მიმართული".  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები