რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Shell-ის მგსავსად, რუსული გაზისა და ნავთობის ყიდვას British Petroleum-იც წყვეტს

ბრიტანული ტრანსნაციონალური ნავთობისა და გაზის კომპანია British Petroleum რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვაზე ახალ კონტრაქტებს აღარ გააფორმებს. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის ოფიციალურ საიტზე ვრცელდება

"დღეს BP-ს დირექტორთა საბჭომ განაცხადა, რომ BP გამოვა როსნეფტთან დადებული კონტრაქტიდან. BP 2013 წლიდან ფლობს როსნეფტის აქციების 19,75%-ს". – წერია განცხადებაში.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო British Petroleum-თან ერთად Shell-იც რუსული ნედლი ნავთობისა და ნახშირწყალბადების შეძენას წყვეტს. კომპანიამ ბოდიში მოიხადა გასულ კვირას რუსული ნავთობის შეძენის გამო.

"ვიცით, რომ ჩვენი გადაწყვეტილება გასულ კვირას რუსული ნედლი ნავთობის ტვირთის შეძენის შესახებ არ იყო სწორი და ვწუხვართ". – თქვა Shell-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

გასულ კვირას კომპანიის მიერ რუსული ნავთობის ყიდვის შემდეგ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ Shell-ს მიმართა – "რუსულ ნავთობს უკრაინელთა სისხლის სუნი არ ასდის?"

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები