რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ევროკავშირი რუს ოლიგარქებს, დეპუტატებსა და ბელარუსის ბანკებს ახალ სანქციებს უწესებს – Reuters

Stephanie Lecocq/Pool/AFP/Getty Images

უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების დაწყების გამო ევროკომისიამ რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა. სანქციები რუსი ოლიგარქების, პოლიტიკოსებისა და სამი ბელარუსული ბანკის წინააღმდეგ იქნება მიმართული. ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სანქციების ახალი პაკეტი სამ ბელარუსულ ბანკს SWIFT-იდან გარიცხავს, რამდენიმე რუს ოლიგარქსა და დეპუტატს კი ევროკავშირის შავ სიაში შეიყვანენ. ასევე, აიკრძალება ევროკავშირიდან საზღვაო აღჭურვილობისა და პროგრამული უზრუნველყოფის პაკეტების რუსეთისთვის მიწოდება.

სანქციების ფარგლებში გაჩნდება დამატებითი მითითებები კრიპტოვალუტის მონიტორინგზე, რათა თავიდან იქნას აცილებული ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლით მათი გამოყენება.

ევროკავშირმა შვიდი რუსული ბანკი უკვე გათიშა SWIFT-ის სისტემიდან, თუმცა სანქცირებულ ფინანსურ ინსტიტუტთა სიაში ბელარუსული ბანკები არ შედიოდნენ.

ევროკავშირმა სანქციები ასევე დაუწესა რუსეთის დუმის ქვედა პალატის ასობით დეპუტატს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარებას.


უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს სხვადასხვა სახის სანქცია მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ დაუწესა. 27 თებერვალს უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირმა, აშშ-მ და კანადამ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღეს. პარალელურად რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა აშშ-მაც.

27 თებერვალს  რუსეთისთვის დაწესებული სანქციები გააფართოვა ევროკავშირმაც – სანქციებში შედის ევროკავშირის ქვეყნებში სამთავრობო მედიის დაბლოკვა, საჰაერო სივრცის დაკეტვა რუსეთისთვის და რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები