რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

არახამია: მზად ვართ განვიხილოთ არა-NATO მოდელები, თუ სხვა ქვეყნებისგან გარანტიებს მივიღებთ

დავით არახამია

უკრაინის უმაღლესი რადის წევრმა და ფრაქცია ხალხის მსახურის ლიდერმა, დავით არახამიამ, რომელიც მონაწილეობას იღებს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში და კიევის დელეგაციის წევრია, Fox News-თან თქვა, რომ უკრაინა მზადაა განიხილოს NATO-ში გაწევრიანებაზე უარის თქმის მოდელიც, თუ ზოგიერთი სახელმწიფოსგან პირდაპირ გარანტიებს მიიღებენ.

"პასუხი, რასაც NATO-სგან ვიღებთ, არის ის, რომ ისინი მზადაც არ არიან, განიხილონ ჩვენი NATO-ში გაწევრიანება უახლოესი 5-10 წლის განმავლობაში. NATO-ში [გაწევრიანების] მოთხოვნისთვის არ ვიბრძოლებთ, ვიბრძოლებდით შედეგისთვის, მაგრამ არა პროცესისთვის. მზად ვართ განვიხილოთ არა-NATO მოდელები. მაგალითად, შეიძლება პირდაპირი გარანტიები სხვადასხვა ქვეყნებისგან, როგორებიცაა აშშ, ჩინეთი, გაერთიანებული სამეფო, შეიძლება გერმანია და საფრანგეთიც. მზად ვართ განვიხილოთ ასეთი საკითხები ფართო წრეში, სხვა პარტნიორებთანაც, მხოლოდ რუსეთთან ორმხრივ საუბრებში არა", – უპასუხა არახამიამ Fox News-ის ჟურნალისტის შეკითხვას, არის თუ არა მზად უკრაინა რუსეთთან NATO-ში გაწევრიანების საკითხი განიხილოს. 

ასევე, არახამიას თქმით, საკითხი, რომელიც განხილვას არ ექვემდებარება, არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა. მისი თქმით, კიევი არ აპირებს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები