უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის წევრი, დენის კირეევი, რომლის შესახებაც მედია წერდა, რომ ღალატის გამო დაკავებისას მოკლეს, დაზვერვის თანამშრომელი იყო და სპეციალური დავალების შესრულების დროს დაიღუპა.
"სპეციალური დავალების შესრულების დროს სამი ჯაშუში მოკლეს – უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლები: ოლეკსეი დოლია ივანოვიჩი, ვალერი ჩაბინევ ვიქტოროვიჩი, დენის კირეევ ბორისოვიჩი.
ისინი უკრაინის დაცვის დროს დაიღუპნენ და მათმა მოქმედებამ გამარჯვებასთან დაგვაახლოვა. ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს სახელით გულწრფელად ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს. გმირები არ კვდებიან!". – წერია სამმართველოს განცხადებაში.
5 მარტს უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავების დროს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის წევრი, დენის კირეევი მოკლეს და ის ღალატში იყო ეჭვმიტანილი.
ამ დრომდე რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების 2 რაუნდი შედგა – მხარეებმა მნიშვნელოვან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ბოლო, 3 მარტის შეხვედრაზე განიხილეს, ჰუმანიტარული დერეფნები და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია იყო. რუსეთმა სიჩუმის რეჟიმი დღეს, 5 მარტს გამოაცხადა, თუმცა უკრაინელი თანამდებობის პირების ინფორმაციით, ოკუპანტებმა შეთანხმება დაარღვიეს და ჰუმანიტარულ დერეფნებს ბომბავენ, რის გამოც ხალხის ევაკუაცია შეჩერებულია.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.