რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რეზნიკოვი: მტერი ნებდება, რუსები აქციებზე გამოდიან, პროპაგანდის ტყუილი იბზარება

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ ომის მე-7 დღეს რუს ოკუპანტებს სულ უფრო უჭირთ ქვედანაყოფებში ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნება, ნებდებიან და უარს ამბობენ შეტევაზე.

"თავდაცვის 147 საათი. მოვლენების ხასიათი იცვლება. რუსი ოკუპანტები ცდილობენ, რამენაირად შეინარჩუნონ თავიანთი ქვედანაყოფების ბრძოლისუნარიანობა, მაგრამ უფრო და უფრო უჭირთ. ამაზე მეტყველებს ოფიცრებთან ერთად რუსი ჯარისკაცების ჯგუფების ტყვედ ჩაბარების არაერთი შემთხვევა. ასევე შეტევაზე უარის თქმა. რუსეთში ტყვედ ჩავარდნილთა და დაღუპულთა ნათესავები საპროტესტო აქციებზე გამოდიან. რუსული პროპაგანდის ტოტალური ტყუილი იბზარება." - წერს რეზნიკოვი Facebook-ზე.

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ რუს სამხედროებს ეშინიათ უკრაინელებთან პირდაპირი კონტაქტის და ამიტომაც დაიწყო მშვიდობიანი ქალაქების დაბომბვა. მისივე თქმით, ახლა რუსული ტერორისგან ყველაზე მეტად ზარალდება ხარკოვი, მარიუპოლი და ხერსონი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები