ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ჯო ბაიდენმა კონგრესში ქვეყნის მდგომარეობის შესახებ მიმართვისას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი რუს დიქტატორად მოიხსენია.
"პუტინმა ძალადობა და ქაოსი გააჩაღა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რისი მოპოვებაც მას ბრძოლის ველზე შეუძლია, ის გადაიხდის ძალიან მაღალ ფასს გრძელვადიან პერსპექტივაში. ამაყმა უკრაინელმა ხალხმა, რომელიც 30 წელია დამოუკიდებელია, არაერთხელ აჩვენა, რომ არ შეეგუება არავის, ვინც მათი ქვეყნის უკუსვლით წაყვანას ცდილობს.
ამერიკელებო, როგორც ყოველთვის გპირდებოდით, მე გულწრფელი ვიქნები თქვენთან. რუს დიქტატორს, რომელიც უცხო ქვეყანაში იჭრება, საფასური მთელი მსოფლიოს წინაშე აქვს გადასახდელი. მე ვიღებ ძლიერ ზომებს, რათა დავრწმუნდე, რომ ჩვენი სანქიცები მტკივნეული იქნება რუსეთის ეკონომიკისთვის". – თქვა ბაიდენმა.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





