რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზალკალიანი რუსეთზე: ჩასაფრებულის პოზიციიდან ნუ გველაპარაკებით, ძალიან გვტკივა გული

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

"ძალიან გთხოვთ, ჩასაფრებულის პოზიციიდან ნუ ველაპარაკებით ერთმანეთს, ძალიან გვტკივა გული, უმძიმესი სიტუაციაა" - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე საუბრისას განაცხადა. მან თქვა, რომ საქართველო რუსეთს სანქციებს ვერ დაუწესებს, რადგან "საფრთხეებს ხედავს".

"პრემიერმინისტრმა ძალიან კარგად განმარტა თუ რა საფრთხეებს ვხედავთ ჩვენ, ამ საფრთხეებზე ვესაუბრებით ევროპელ და უკრაინელ კოლეგებს, როგორ გგონიათ, ჩვენ ამაზე საუბარი არ გვაქვს? როდესაც ასეთ სიფრთხილეს იჩენს პორემიერმინისტრი, ეს მისი ძალიან დიდი პასუხისმგებლობისგან მოდის, იმ პასუხისმგებლობისგან, რომელიც თქვენ წინაშე აქვს, საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე აქვს, რა გგონიათ, ჩვენ ნაკლები პატრიოტები ვართ თქვენზე? არავისზე ნაკლები პატრიოტები არ ვართ და ჩვენი საქმიანობით, ჩვენი ცხოვრებით გვაქვს დამტკიცებული საქართველოს ერთგულება და იმ უკანონობის წინააღმდეგ ბრძოლა, რასაც რუსული აგრესია ჰქვია.

როგორ გგონიათ თქვენ, პასუხისმგებლიანი მთავრობა, ხელისუფლება ასეთი სიფრთხილით არ უნდა ეკიდებოდეს პროცესს? როდესაც 40 კილომეტრში, აქვე დგანან, მათ არ სჭირდებათ დამატებით მობილიზაცია, რაც განახორციელეს უკრაინასთან მიმართებით, თვეობით ჯარების და კონტიგენტის მოყვანა, აქვე არიან, ავტობანიდან ჩანს მათი ოკუპაციის შედეგი, რამდენიმე წუთი დასჭირდება იმისთვის, რომ მთლიანად საქართველო თავდაყირა დააყენოს. მთლიანად" - განაცხადა ზალკალიანმა და აღნიშნა, რომ არ სურს "იგივე ვიხილო საქართველოში, რაც 2008 წელს იყო აქ, არ მინდა ვიხილო რუსული ტანკები მომავალი თბილისის მიმართულებით, არ მინდა ვიხილო დედაქალაქის და აეროპორტების დაბომბვა".

მთავრობის 28 თებერვლის სხდომაზე პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები არაეფექტიანია და კიევის დაბომბვის შემჩერებელი არავინ არის. მისივე განცხადებით, მხოლოდ "ეროვნული ინტერესებით" იხელმძღვანელებს და რუსეთს სანქციებს არ დაუწესებს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. მათ შორის, რუსეთს საჰაერო სივრცე ჩაუკეტა 21-მა ქვეყანამ - საბერძნეთი, იტალია, ფინეთი, შვედეთი, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, პოლონეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, დანია, გერმანია, ჩეხეთი, ავსტრია, სლოვენია, ბელგია, დიდი ბრიტანეთი, ისლანდია, საფრანგეთი, კანადა და ესპანეთი. 

საქართველოს საჰაერო სივრცე ისევ ღია რჩება.

კომენტარები