რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: 5 300-მდე რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, აფეთქებულია 191 ტანკი და 28 თვითმფრინავი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჰანა მალიარი რუსეთის მხრიდან დანაკარგზე ინფორმაციას ავრცელებს. მისი ცნობით, 24 თებერვლიდან 28 თებერვლის 06:00 საათამდე მონაცემებით, რუსეთმა დაკარგა:

  • თვითმფრინავი – 29
  • შვეულმფრენი – 29
  • ტანკი – 191
  • ჯავშანმანქანა – 816
  • გემი/ნავი – 2
  • დაიღუპა 5 300-მდე სამხედრო.

"ინფორმაცია საორიენტაციოა და შეიძლება განახლდეს, რადგან ბრძოლის შემდეგ მისი მოპოვება უკიდურესად რთულია, გამომდინარე იქიდან, რომ სამხედრო მეთაურები პირველ რიგში ყურადრებას ბრძოლის წარმართვაზე ამახვილებენ". – წერს მალიარი.
 

27 თებერვლის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 352 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 14 ბავშვი იყო. ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამხედრო მოქმედებების შედეგად 1 684 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის 116 ბავშვია.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები