რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

EU-ს წევრი ქვეყნები უკრაინას ავიაგამანადგურებლებს მიაწვდიან

ევროკავშირი უკრაინას ავიაგამანადგურებლებს მიაწვდის - ამის შესახებ ბრიფინგზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში, ჯოსეფ ბორელმა ისაუბრა

ბორელის თქმით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას ესაუბრნენ, თუ რა სახის დახმარება სჭირდება უკრაინას, მან კი ავიაგამანადგურებლები დაასახელა. 

ბორელმა ასევე თქვა, რომ ავიაგამანადგურებლების გარდა, ევროკავშირი უკრაინას €450 მილიონის იარაღს მიაწვდის. კიდევ €50 მილიონი იქნება გამოყოფილი არალეტალური მიზნებისთვის. 

ევროკავშირი ომში მყოფ ქვეყანას იარაღს ისტორიაში პირველად აწვდის.

27 თებერვალს ევროკავშირმა რუსეთს სანქციები დაუწესა - სანქციებში შედის ევროკავშირის ქვეყნებში სამთავრობო მედიის დაბლოკვა, საჰაერო სივრცის დაკეტვა რუსეთისთვის და რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები