რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ისტორიული მოვლენა: ევროკავშირი უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას იწყებს

ევროკავშირის განცხადებით, ისინი უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემას იწყებენ. 

ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროკავშირი ასეთ ნაბიჯს დგამს. დღეს, 27 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა ეს ნაბიჯი "ისტორიულად" შეაფასა. 

ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებში ასევე შედის ევროკავშირის ქვეყნებში სამთავრობო მედიის დაბლოკვა, საჰაერო სივრცის დაკეტვა რუსეთისთვის და რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები