რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: საიდანაც რაკეტები არ დაფრინავს იმ ქვეყანაში უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბელარუსში რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვაზე უარს აცხადებს. მისი თქმით, უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ქვეყანაში, საიდანაც რაკეტები არ მოფრინავს უკრაინის ტერიტორიაზე. 

"რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა მშვიდობა, გვინდა შევხვდეთ, გვინდა ომის დასრულება. ვარშავა, ბრატისლავა, ბუდაპეშტი, სტამბოლი, ბაქო - შევთავაზეთ ეს რუსულ მხარეს. ჩვენთვის შესაფერისია ნებისმიერი სხვა ქალაქი, რომლის ტერიტორიიდანაც რაკეტები არ დაფრინავს ჩვენს ქვეყანაში. მხოლოდ ამ გზით შეიძლება მოლაპარაკება იყოს პატიოსანი და ომის დასრულება რეალური".- ამბობს ზელენსკი. 

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის ცნობით, რუსეთის დელეგაცია ბელარუსში უკრაინულ მხარესთან მოსალაპარაკებლად ჩავიდა.  პესკოვის თქმით, დელეგაციაში შედიან საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს და სხვა დეპარტამენტების, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. 

ბოლო მონაცემებით, ქალაქებს კიევს, ჩერნიგოვს, მარიუპოლს და ხარკოვს უკრაინა სრულად აკონტროლებს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები