რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პესკოვი: რუსეთის დელეგაცია უკრაინელებთან მოლაპარაკებისთვის ბელარუსში ჩავიდა

დმიტრი პესკოვი
დმიტრი პესკოვი

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის ცნობით, რუსეთის დელეგაცია ბელარუსში უკრაინულ მხარესთან მოსალაპარაკებლად ჩავიდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

პესკოვის თქმით, დელეგაციაში შედიან საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროსა და სხვა დეპარტამენტების, მათ შორის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. 

"ჩვენ მზად ვიქნებით ამ მოლაპარაკებების დასაწყებად გომელში".- ამბობს პესკოვი. 

ბოლო მონაცემებით, ქალაქებს კიევს, ჩერნიგოვს, მარიუპოლს და ხარკოვს უკრაინა სრულად აკონტროლებს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები