რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინელები გეგმავენ, რუსეთში ელ.ფოსტით დაღუპულთა და ტყვედ ჩავარდნილთა ფოტოები გზავნონ

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშენკოს ცნობით, უკრაინელი სტუდენტები რუსეთში ელექტრონული ფოსტით მასობრივად გაგზავნიან რუსეთის სამხედრო ძალების მიტოვებული ტექნიკის, ასევე, დაღუპული ჯარისკაცების გვამების და ტყვედ ჩავარდნილი სამხედროების ფოტოებს.

"დღეიდან ასიათასობით უკრაინელი სტუდენტი იწყებს რუსეთის ფედერაციაში რუსი ჯარისკაცების გვამების, ოკუპანტების მიყრილი ტექნიკის, ტყვედ ჩაბარებულთა ფოტოებისა და ვიდეოების ელექტრონული ფოსტით დაგზავნას.

ყველა ვიდეოს ან ფოტოს მიუერთდება პროექტ "დაბრუნდი ცოცხალი უკრაინიდან" ბმული. ელექტრონული ფოსტის მისამართები თავად მოიძიეთ ინტერნეტის რუსულ სეგმენტში.

პირველ რიგში, ასე დავეხმარებით ომის შეჩერებას და, შეიძლება, პუტინის ჩამოგდებასაც კი, ან მას მოუწევს ინტერნეტის გათიშვა რუსეთში.

მადლობა განათლების მინისტრ სერგეი შკარლეტს და უმაღლესი სასწავლებლების რექტორების ამ სამუშაოს ორგანიზებისთვის.

გახსოვდეთ, ინფორმაცია ინტერნეტში ჩვენს ხელში ოკუპანტებთან ბრძოლის კიდევ ერთი იარაღია. წინ ჩვენი გამარჯვებისკენ." - წერს გერაშენკო.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციებს უწესებენ.

კომენტარები