რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კიევში საწყობები დაიბომბა, დაიღუპა დაცვის თანამშრომელი

კიევი. 24 თებერვალი, 2022 წელი
REUTERS/Valentyn Ogirenko

26 თებერვლის დილით კიევში, სოლომენსკის რაიონში დაბომბვის შედეგად საწყობებში ხანძარი გაჩნდა. მაშველებმა ერთი ადამიანის გვამი იპოვეს. დაღუპული დაცვის თანამშრომელია.

ხანძარმა დაახლოებით 700 კვადრატული მეტრის ფართობი მოიცვა და საწყობებს გვერდზე ფარეხებზე გავრცელდა. ხანძრის ჩაქრობაში 20 მაშველი და ტექნიკის 5 ერთეული მონაწილეობდა.

რუსეთ-უკრაინის ომის მესამე დღეს ბრძოლა უკვე უკრაინის დედაქალაქ კიევის ქუჩებში მიმდინარეობს. 26 თებერვლის დილას რუსეთის შეტევის შედეგად კიევში მრავალსართულიანი სახლი დაზიანდა.

26 თებერვლის დილის ინფორმაციით, უკრაინის ტერიტორიაზე მდგომარეობა კონტროლირებადია. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთი ყველა პოზიციაზე ღირსეულ პასუხის იღებს და მძიმე დანაკარგები აქვს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ, გაავრცელა მიმართვა, რომ უკრაინის სამხედრო ძალები დანებებას არ აპირებენ.

პრეზიდენტს სპიკერის თქმით, უკრაინის ხელმძღვანელობა დათანხმდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის წინადადებას მოლაპარაკებების გამართვის შესახებ. მოლაპარაკებებზე შეიძლება ნეიტრალიტეტის საკითხი განიხილოს. მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ ამ მოლაპარაკებების პროცესში პირობები უკრაინის ნაკარნახევი იქნება.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციებს უწესებენ.

კომენტარები