რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კიევის მერი: სიტუაცია საფრთხის შემცველია, რთული ღამე და დილა გველის წინ

კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ თქვა, რომ რუსული ჯარები ძალიან ახლოს არიან დედაქალაქთან, ამიტომ ქალაქს "რთული ღამე" უწინასწარმეტყველა. 

"სიტუაცია ახლა კიევისთვის საფრთხის შემცველია, გაზვიადების გარეშე. რთული ღამე და დილა გველის წინ".-თქვა კლიჩკომ. 

მან აღნიშნა, რომ კიევის საავადმყოფოები ომის დროს მუშაობდნენ. ასევე, განმარტა, რომ საგუშაგოები დამონტაჟდა ქალაქის მთავარ შესასვლელთან და დედაქალაქის სტრატეგიულ ობიექტებთან ახლოს.

"რუსული ჯარები ძალიან ახლოს არიან დედაქალაქთან. დივერსიული ჯგუფები ქალაქში სამხედრო და სამართალდამცავ სტრუქტურებს ანეიტრალებენ. დედაქალაქში ხიდები დაცვისა და სპეციალური კონტროლის ქვეშაა. მათ სამხედრო ტექნიკა და შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები პატრულირებენ" - განმარტა ქალაქის მერმა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციებს უწესებენ.

კომენტარები