NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსის მოკავშირეები გააგრძელებენ უკრაინაში იარაღის, მათ შორის საჰაერო თავდაცვის გაგზავნას.
გენერალურ მდივანს დეტალები არ აღუნიშნავს, თუმცა თქვა, რომ ალიანსის წევრთა ნაწილმა გამოთქვა სურვილი უკრაინას იარაღით, მათ შორის საჰაერო თავდაცვით, დახმარებოდა.
სტოლტენბერგი ასევე შეეხო რუსეთის მიზნებს, დაამხოს უკრაინის ხელისუფლება.
"ჩვენ ვხედავთ რიტორიკას, გზავნილებს, რაც მტკიცედ მიუთითებს იმაზე, რომ მიზანი კიევში დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დამხობაა".-თქვა სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ ძალები დაიცავს "NATO-ს ტერიტორიის თითოეულ ნაწილს" და დასძინა, რომ ალიანსი, პარალელურად, აგრძელებეს უკრაინის, ისევე როგორც რუსეთის მიერ საფრთხის ქვეშ მყოფი რეგიონის სხვა ქვეყნებს - მათ შორის საქართველოს, მოლდოვასა და ბოსნიას მხარდაჭერას.
სტოლტენბერგის თქმით, NATO-ს საპასუხო ძალები გააქტიურდა, როგორც თავდაცვითი ღონისძიება უკრაინაში რუსეთის მიმდინარე ინტერვენციის საპასუხოდ.
"კოლექტიური თავდაცვის კონტექსტში ჩვენ პირველად ვაყენებთ NATO-ს საპასუხო ძალებს. ჩვენ ვსაუბრობთ ათასობით ჯარზე, საჰაერო და საზღვაო შესაძლებლობებზე".- აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციებს უწესებენ.





