რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

VTB-ის ანგარიშების გაყინვა, AEROFLOT-ის აკრძალვა – დიდი ბრიტანეთის სანქციები რუსეთს

ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთი რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო ახალ სანქციებს დაუწესებს. ახალი პაკეტი ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა წარადგინა და თქვა, რომ იგივე სანქციები ბელარუსზეც გავრცელდება.

სანქციების შორის არის რუსული ბანკებისთვის ანგარიშების გაყინვა, რუსეთის მოქალაქეებისთვის ბრიტანულ ბანკებში განთავსებულ თანხაზე ლიმიტის დაწესება და ქვეყანაში Aeroflot-ის თვითმფრინავებისთვის დაჯდომის აკრძალვა.

გაეცანით სანქციების ახალ პაკეტს, რომელსაც დიდი ბრიტანეთი რუსეთს დაუწესებს.

  1. ყველა დიდ რუსულ ბანკს გაეყინება აქტივები და იქნება გამორიცხული დიდი ბრიტანეთის ფინანსური სისტემიდან. ეს ასევე მოიცავს VTB ბანკის ანგარიშების სრულად და დაყოვნებლივ გაყინვას;
  2. დიდ რუსულ კომპანიებს შეეზღუდებათ დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ფინანსების მოზიდვა, ან თანხის სესხება;
  3. ანგარიშები გაეყინება 100 ახალ ფიზიკურ პირს, ან ორგანიზაციას;
  4. Aeroflot-ს აეკრძალება დიდ ბრიტანეთში დაჯდომა;
  5. შეჩერდება ორმაგი დანიშნულების საექსპერტო ლიცენზიების გამოყენება, რაც შესაძლოა მოხმარებული იყოს სამხედრო მიზნებისთვის;
  6. რუსეთის მოქალაქეებს დიდი ბრიტანეთის ბანკებში განთავსებულ დეპოზიტებზე დაუწესდებათ ლიმიტი.

ბორის ჯონსონისვე თქმით, განიხილება რუსეთის SWIFT-იდან გაგდება.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ.

კომენტარები