რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ეუთო-მ უკრაინიდან დროებით სადამკვირვებლო მისიის სრულად გაყვანა გადაწყვიტა

ეუთო-მ უკრაინიდან სპეციალური სადამკვირვებლო მისიის ყველა თანამშრომლის დროებით გაყვანა გადაწყვიტა.

ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად გაუარესებული უსაფრთხოების მდგომარეობის გამო მიიღო.

"ეს გადაწყვეტილება მარტივი მისაღები არ იყო, ქვეყნის დატოვება უნდა იყოს დროებითი. ძალიან მნიშვნელოვანია საქმის ერთგული იმ ქალების და კაცების უსაფრთხოება, რომლებიც მთელ ქვეყანაში საერთაშორისო საზოგადოების მიუკერძოებელი თვალები და ყურები არიან."- ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ მისიის წევრებმა ქვეყანა რაც შეიძლება მალე უნდა დატოვონ. ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია უკრაინაში 2014 წლიდან მოქმედებს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ.

კომენტარები