რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

NATO: რუსეთი გადაიხდის ძალიან დიდ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ფასს, ლიდერებმა პასუხი უნდა აგონ

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას NATO განცხადებით გამოეხმაურა. ალიანსმა დაგმო რუსეთის აგრესია და აღნიშნა, რომ ის ძალიან დიდ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ფასს გადაიხდის. რუსეთის აგრესიის გამო NATO ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე დამატებით ძალებს გზავნის.

"უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის შემაძრწუნებელ თავდასხმას უკრაინაზე, რომელიც სრულიად უსამართლო და არაპროვოცირებულია. [..] ასევე ვგმობთ ამ თავდასხმაში ბელარუსის ხელშეწყობას." - ნათქვამია ალიანსის განცხადებაში.

ალიანსის თქმით, რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ არღვევს საერთაშორისო სამართალს და ყველა შეთანხმებას, რომლის შესრულების ვალდებულებაც რუსეთს აქვს.

"ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის და ლეგიტიმური, დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის, პარლამენტის და მთავრობის გვერდით. გავაგრძელებთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ეს მოიცავს ტერიტორიულ წყლებსაც.

მოვუწოდებთ რუსეთს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედება და სულად გაიყვანოს სამხედრო ძალები უკრაინიდან და მისი საზღვრებიდან, პატივი სცეს საერთაშორისო სამართალს და დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების უსაფრთხო და შეუფერხებელი მიწოდება ყველასთან, ვისაც ეს სჭირდება" - ნათქვამია განცხადებაში.

ალიანსმა კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება.

"უმკაცრესად მოვუწოდებთ რუსეთს უარი თქვას ძალადობასა და აგრესიაზე. რუსეთის ლიდერებმა პასუხი უნდა აგონ მათი მოქმედების შედეგებზე. რუსეთი გადაიხდის ძალიან დიდ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ფასს." - ნათქვამია განცხადებაში.

ალიანსი გააგრძელებს სხვადასხვა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით მოქმედებას.

"რუსეთის მოქმედებები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას და მათ გეოსტრატეგიული შედეგები ექნება. NATO გააგრძელებს ყველა საჭირო ზომის მიღებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ყველა მოკავშირის უსაფრთხოება და თავდაცვა. ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში დამატებით თავდაცვით სახმელეთო და საჰაერო, ასევე საზღვაო ძალებს ვგზავნით. გავზარდეთ ჩვენი ძალების მზადყოფნა რათა ვუპასუხოთ ნებისმიერ ვითარებას.

დღეს გვქონდა კონსულტაციები ვაშინგტონის შეთანხმების მეოთხე მუხლის ფარგლებში. გადავწყვიტეთ, რომ ყველა მოკავშირის დასაცავად ჩვენი თავდაცვითი გეგმის ფარგლებში გადავდგათ დამატებითი ნაბიჯები, რათა გავაძლიეროთ შეკავება და თავდაცვა მთელი ალიანსის ტერიტორიაზე. ჩვენი ზომები რჩება პრევენციული, პროპორციული და არაა მიმართული ესკალაციაზე."

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ.

კომენტარები