რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

მაკრონი: რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს სამხედრო ოპერაცია უკრაინაში

ემანუელ მაკრონი
Reuters

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრომა თქვა, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს სამხედრო ოპერაცია უკრაინაში.

"საფრანგეთი მტკიცედ გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას, გამოუცხადოს ომი უკრაინას. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს სამხედრო ოპერაციები. საფრანგეთი დგას უკრაინის და უკრაინელი ხალხის გვერდით და პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად ომის დასრულებისთვის მუშაობს." - წერს მაკრონი Twitter-ზე.

ემანუელ მაკრონი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. ელისეის სასახლის ინფორმაციით, ზელენსკიმ მაკრონს უკრაინის მხარდასაჭერად სხვადასხვა სფეროში ინტერვენცია სთხოვა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. CNN-ის ინფორმაციით, რუსული სამხედრო ნაწილები უკრაინაში ბელარუსიდანაც შედიან.

 

კომენტარები