ოდესის ოლქში დაიღუპა 6 ადამიანი, დაიჭრა 7 და დაკარგულია – 19

შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერანსენკო ახალ ინფორმაციას ავრცელებს. კერძოდ:

08:36 საათის მონაცემებით, ოდესის ოლქის ქალაქ პოდილსკში დაბომბვის შედეგად დაიღუპა 6, დაჭრა 7 და დაკარგულია 19 ადამიანი.

08:38 საათის მონაცემებით, მარიუპოლში დაღუპულია 1 და დაჭრილია - 2. 

დაბომბვის შედეგად კიევის შემოგარენში, ბროვარიში, 161-ე სამხედრო ქალაქის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა ერთი ადამიანი, დაშავებულია კიდევ 5.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. CNN-ის ინფორმაციით, რუსული სამხედრო ნაწილები უკრაინაში ბელარუსიდანაც შედიან.

კომენტარები