რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დაბომბვის შედეგად კიევის შემოგარენში 1 ადამიანი დაიღუპა და 1 დაიჭრა

აფეთქება კიევში. 24 თებერვალი
CNN/უკრაინის პრეზიცენტის ოფისი

დაბომბვის შედეგად კიევის შემოგარენში, ბროვარიში, 161-ე სამხედრო ქალაქის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა ერთი ადამიანი, დაშავებულია კიდევ 5. ინფორმაციას შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო ავრცელებს.

გერაშენკოს ცნობით, მიმდინარეობს ევაკუაცია. დაბომბვის შედეგად დაიწვა ერთი შენობა და ოთხსართულიანი სახლი ნაწილობრივ დაზიანდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში. ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. CNN-ის ინფორმაციით, რუსული სამხედრო ნაწილები უკრაინაში ბელარუსიდანაც შედიან.

კომენტარები