უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება

პაპუაშვილი: მოვუწოდებთ დასავლელ პარტნიორებს, იყვნენ მტკიცე საკუთარ გადაწყვეტილებებში

საქართველოს პარლამენტი / Facebook

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს ხელისფლება ქვეყნისა და უკრაინის უსაფრთხოების ინტერესებით ხელმძღვანელობს და შესაბამისად, "რა თქმა უნდა" დაუდგება უკრაინას გვერდში.

პაპუაშვილის თქმით, მმართველი გუნდი მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას იყვნენ მტკიცე და მკაფიო საკუთარ გადაწყვეტილებებში.

"ჩვენ მოვუწოდებთ დასავლელ პარტნიორებს იყვნენ მტკიცე, მკაფიო საკუთარ გადაწყვეტილებებში. მათ შორის, იმ სიგნალების გაგზავნაში, რომელსაც ჰქვია საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების აღსრულების უზრუნველყოფა. უნდა შევხედოთ შესაძლებლობებს. ყველა ვხვდებით, რომ ბერკეტები არსებობს ევროკავშირის, ნატო-ს თუ საერთაშორისო თანამეგობრობის ხელში და ეს ბერკეტები უნდა იყოს გამოყენებული". – ამბობს შალვა პაპუაშვილი.

რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკების აღიარების შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა. პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, სანქციები დაუწესეს ორ ყველაზე დიდ ფინანსურ ინსტიტუციას – VEB-ს და სამხედრო ბანკს. ასევე, "ყოვლისმომცველი სანქციები" დაწესდა რუსეთის სუვერენულ ვალზე.  

22 თებრვალს აშშ-ს გარდა რუსეთს სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმაც. ევროკავშირის სანქციები რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხო, დიდი ბრიტანეთის კი 5 ბანკს და სამ მილიარდერს. გერმანია კი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მილსადენის ამოქმედებას აჩერებს

რუსეთს სანქციებს უწესებს იაპონია და კანადაც. იაპონიის სანქციები მოიცავს იაპონიაში რუსული ობლიგაციების გამოშვების აკრძალვას, რამდენიმე რუსი პირის აქტივების გაყინვას, ამასთანავე, იაპონიაში მოგზაურობის შეზღუდვას, კანადელებს კი აღარ შეეძლებათ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებთან ფინანსური ურთიერთობა. მათ ასევე ეკრძალებათ რუსული სუვერენული ვალის შესყიდვა.  პრემიერმინისტრის, ჯასტინ ტრუდოს თქმით, გეგმავენ იმ პარლამენტარების სანქცირებას, რომლებმაც ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირეს. ამასთანავე, კანადა გეგმავს ორი სამთავრობო ბანკის სანქცირებას. 


21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. მოგვიანებით პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მშვიდობის უზრუნველყოფის ბრძანება მისცა. ბრძანება გამომდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან, რომელთა მიხედვით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში მშვიდობა უნდა უზრუნველყონ.

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება. დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.

კომენტარები