აშშ-რუსეთი

ვინ არიან რუსები, რომლებსაც აშშ სანქციებს უწესებს – სია

ვლადიმირ კირიენკო/დენის ბორტნიკოვი/პიოტრ ფრადკოვი

22 თებერვალს აშშ-მ რუსეთს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებისთვის სანქციები დაუწესა. აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა იმ რუსების სია, რომლებსაც ახალი სანქციები შეეხება.

  • დენის ბორტნიკოვი – დენის ბორტნიკოვი რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორის და უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრის, ალექსანდრ ბორტნიკოვის შვილია. თავად დენის ბორტნიკოვი რუსეთის სამთავრობო ბანკის, VTB ბანკის ვიცეპრეზიდენტია და ამავე ბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა. ალექსანდრ ბორტნიკოვს აშშ-ს სანქციები აქამდეც ჰქონდა დაწესებული.
  • პიოტრ ფრადკოვი – ფრადკოვი პრომსვიაზბანკის (PBS)-ის აღმასრულებელი დირექტორია და რუსეთის ყოფილი პრემიერმინისტრის და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის მიხაილ ფრადკოვის შვილია. 2018 წლის შემდეგ პიოტრ ფრადკოვი მუშაობდა PSB-ს ბანკის გარდაქმნაზე, რათა ეს ბანკი თავდაცვის სექტორთან ყოფილიყო დაახლოებული. PBS-ში მუშაობის ფარგლებში ის მჭიდროდ თანამშრომლობდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და მონაწილეობას იღებდა საერთაშორისო ფორუმებში, რომლებზეც აქტიურად საუბრობდა PBS-ის სტრატეგიულ გეგმებზე იყოს რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიის აქტიური მხარდამჭერი.
  • ვლადიმირ კირიენკო – კირიენკო სახელმწიფო კომპანია როსტელეკომის ყოფილი ვიცეპრეზიდენტია, ამთამად ის VK ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორია. VK ჯგუფი რუსეთის ყველაზე პოპულარული სოციალური მედიის VKontakte-ს მფლობელი კომპანიაა. ვლადიმირ კირიენკო სერგეი კირიენკოს შვილია. სერგეი კირიენკო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილეა. აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის თანახმად, კირიენკო რუსეთის შიდა პოლიტიკის საკითხების კურატორია. წარსულში სერგეი კირიენკო რუსეთის პრემიერმინისტრი და როსატომის გენერალური დირექტორი იყო.

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის თანახმად, ამ ადამიანების ყველა ფინანსური აქტივი აშშ-ს ტერიტორიაზე დაიბლოკება. გარდა ამისა ნებისმიერი ბანკი, რომელიც დათანხმდება შეასრულოს ტრანზაქციები და ფინანსური ოპერაციები სანქცირებულ რუსებთან, შეიძლება ასევე აშშ-ს სანქციების ქვეშ მოხვდეს.

აღსანიშნავია, რომ სანქცირებული სამივე პირის მამა ალექსანდრ ბორტნიკოვი, მიხაილ ფრადკოვი და სერგეი კირიენკო უკვე იყვნენ აშშ-ს სანქცირებულთა სიაში.

აშშ-ს სანქციები ასევე შეეხო ორ მსხვილ რუსულ სამთავრობო ბანკს ვნეშეკონომბანკს VEB და  პრომსვიაზბანკის (PBS). შეუზღუდვები დაუწესდა რუსეთის საგარეო ვალზეც.

22 თებრვალს აშშ-ს გარდა რუსეთს სანქციები დაუწესეს დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმაც. ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს დაუწესა სანქციები. დიდი ბრიტანეთის სანქციები შეეხო 5 ბანკს და სამ მილიარდერს. გერმანია კი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მილსადენის ამოქმედებას აჩერებს.


21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. მოგვიანებით პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მშვიდობის უზრუნველყოფის ბრძანება მისცა. ბრძანება გამომდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან, რომელთა მიხედვით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში მშვიდობა უნდა უზრუნველყონ.

რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკების აღიარების შემდეგ ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. ხუთ რუსულ ბანკს და სამ მილიარდერს სანქციები უკვე დაუწესა დიდმა ბრიტანეთმაც. გერმანია კი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მილსადენის ამოქმედებას აჩერებს.

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება. დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.

კომენტარები