ევროპული საქართველო

ნონიაშვილი: საწვავი კვლავ გაძვირდა – ერთადერთი გზა სახელმწიფოს მიერ აქციზის გაუქმებაა

ევროპული საქართველო

ევროპულ საქართველოში საწვავის გაძვირებულ ფასებთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა. პარტია მთავრობის მიერ აქციზის გაუქმებას ითხოვს, რაც, მათი განმარტებით, საწვავის ფასის შემცირებასა და პროდუქტების ფასის გაიაფებას გამოიწვევს. პარტიის წევრის, გიორგი ნონიაშვილის განმარტებით, აქციზის გაუქმება ერთადერთი გამოსავალია და გადაწყვეტილების მიღება მოქალაქეების მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. 

"რამდენიმე კვირის წინ იყო დაანონსებული, რომ საწვავის ფასები კვლავ გაძვირდებოდა და ეს, სამწუხაროდ, ასეც მოხდა. საწვავის ფასების გაძვირება მძიმე ტვირთად აწვება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, მხოლოდ საწვავის გაძვირებაზე არ მოქმედებს და ამ გზით ადამიანის მდგომარეობის გართულებაზე - პროდუქტების ფასი პირდაპირპროპორციულად ძვირდება და ნებისმიერ მაღაზიაში რომ შეიხედოს მოქალაქემ, აღმოაჩენს, რომ უკანასკნელი 2-3 დღის მანძილზე პროდუქტების პირდაპირპროპორციულად გაძვირდა, მაგალითად, ბურღულეული, პური, კვერცხი, არაჟანი. ეს ყველა პროდუქტზე მოქმედებს. 

ჩვენ გვინდა, ყურადღება გავამახვილოთ მიზეზებზე, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი და, მეორე მხრიც, გამოსავალზე, რომლითაც ადამიანის ცხოვრება უფრო გაიაფდება და საწვავის ფასი გაიაფდება. მინდა, ყურადღება გავამახვილო 2013 წელზე, როცა საწვავის ფასი იყო 1.5$, დღეის მდგომარეობით, საწვავის ფასი არის $0.68. ლარის გაუფასურებამ, ლარის კურსის გაუფასურებამ მნიშვნელოვნად განაპირობა საწვავის ფასის გაძვირება და არა ძირითადად საგარეო ფაქტორებმა, რასაც ამბობს ქართული ოცნება და რისკენაც იშვერს ხელს". - ამბობს გიორგი ნონიაშვილი.

ნონიაშვილის განმარტებით,  საწვავის გაძვირებისას საწვავის იმპორტიორებზე პასუხისმგებლობის დაკისრება არასწორია, რადგან ძირითადი მიზეზი აქციზის სიძვირე და ლარის გაუფასურებაა. 

"2013 წელთან დაკავშირებით, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 20 თეთრი იყო აქციზის ფასი და დღეს არის გაორმაგებული. ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, ლარი რომ არ გაუფასურებულიყო და სწორი ეკონომიკური პოლიტიკა ეტარებინა სახელმწიფოს, მეორე მხრივ, აქციზიც რომ არ გაძვირებულიყო, დღეს ფასი იქნებოდა არა 3 ლარზე მეტი, არამედ 1.55 ლარი. ეს, შეიძლება, ნებისმიერმა ადამიანმა მარტივად გამოთვალოს". - ამბობს ნონიაშვილი. 

საწვავის ფასის ზრდის პარალელურად, ევროპული საქართველო ერთადერთ გამოსავალს სახელმწიფოს მიერ აქციზის გაუქმებაში ხედავს, რაც, მათი განმარტებით, საწვავის ფასის 40 თეთრით შემცირებას გამოიწვევს. 

"აქ არის ერთადერთი გზა, რომ სახელმწიფომ აქციზი უნდა გააუქმოს. საწვავის ფასები მოიკლებს 40 თეთრით, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს თუ რეგულარის ფასი არის 3.17 ლარი, გახდება 2.77. დღეს თუ პრემიუმის ფასი არის 3.27, გახდება 2.87. დღეს თუ დიზელის ფასი არის 3.25, გახდება 2.85. ეს ადამიანის მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და, ამავდროულად, პროდუქტების ფასს გააიაფებს, რაც, თავისი არსით, ნიშნავს თითოეული ოჯახის მაცივარში უფრო მეტ პროდუქტს, იმიტომ, რომ უფრო მეტი მსყიდველობისუნარიანობა ექნება ოჯახს". - ამბობს ის.  

ევროპული საქართველოს წევრის, ბესიკ დონაძის განმარტებით კი აქციზის გაუქმება პროცედურულად 5 დღეს საჭიროებს - თუ ქართული ოცნება საკითხს პარლამენტში ორშაბათს დააინიცირებს, პარასკევს აქციზის დაჩქარებული წესით გაუქმება შეეძლება, რაც, მისივე სიტყვებით, მყისიერად, 1 კვირაში გამოიწვევს საწვავზე 40 თეთრით ფასის გაიაფებას და ეს პროდუქტების ფასზეც აისახება. 

17 თებერვალს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა თქვა, რომ საწვავის ფასის მკვეთრი ზრდა ჩვენს რეგიონსა და მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობითაა გამოწვეული. მისივე სიტყვებით, იმ შემთხვევაში, თუ ზრდა გაგრძელდება, შესაძლოა, დაზღვევის მექანიზმზე იმუშავონ. 

2 თებერვალს ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ გეგმა წარმოადგინა, თუ როგორ უნდა გაიაფდეს საწვავის ფასი მყისიერად 40 თეთრით. ბოკერიას თქმით, აქციზის გაუქმება არა "ზღაპრული დაპირება", არამედ კონკრეტული ნაბიჯია, რომლის გადადგმასაც  მხოლოდ პოლიტიკური ნება სჭირდება, რათა "ადამიანებს ტვირთი შევუმსუბუქოთ".  

2021 წლის ბოლო თვეში 2020 წლის დეკემბერთან შედარებით საქართველოში ბენზინი 40%-ით, დიზელი 34.7%-ით, ხოლო გაზის საწვავი 14.2%-ით გაძვირდა. ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში მობილობის აღდგენასთან ერთად გაიზარდა ნავთობზე მოთხოვნა და, შედეგად, ფასებიც, რამაც საწვავიც გააძვირა. 2021 წლის დეკემბერში წლიურმა ინფლაციის დონემ საქართველოში 10-წლიან მაქსიმუმს, 13.9%-ს მიაღწია.

კომენტარები