ეკონომიკა

2021 წლის დეკემბერში ბენზინი 40%-ით, დიზელი კი 34.7%-ით გაძვირდა

Reuters

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2021 წლის დეკმბრის თვის მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომელშიც ირკვევა, რომ გასული წლის ბოლო თვეში 2020 წლის დეკმბერთან შედარებით საქართველოში ბენზინი 40%-ით, დიზელი 34.7%-ით, ხოლო გაზის საწვავი 14.2%-ით გაძვირდა. სებ-ს თანახმად, მსოფლიოში მობილობის აღდგენასთან ერთად გაიზარდა ნავთობზე მოთხოვნა და, შედეგად, ფასებიც, რამაც საწვავიც გააძვირა.

2021 წლის დეკემბერში წლიურმა ინფლაციის დონემ საქართველოში 10-წლიან მაქსიმუმს, 13.9%-ს მიაღწია.

სებ-ის თანახმად, დეკემბერში წლიური ინფლაციის მატების მთავარი მიზეზი კომუნალური გადასახადების წვლილის და სურსათის ფასების ზრდაა.

"კომუნალური გადასახადების გავლენა ინფლაციაზე მოიცავს როგორც გადასახადების გაძვირებას, ასევე სუბსიდირების დასრულების ეფექტს. დეკემბრიდან ამ ფაქტორებს საბაზო ეფექტი დაემატა. კერძოდ, კომუნალური გადასახადების სუბსიდირების ეფექტი ინფლაციაზე 2020 დეკემბრიდან 2021 თებერვლის ჩათვლით აისახა, რის გამოც ინფლაციამ ამ პერიოდში იკლო. ერთი წლის შემდეგ, საბაზო ეფექტის გამო, კომუნალური გადასახადების გავლენამ წლიურ ინფლაციაზე წინა თვესთან შედარებით 2.0 პპ-ით, 3.6 პპ-მდე მოიმატა.

წლიურ ჭრილში, ინფლაციაზე მნიშვნელოვან გავლენას სურსათის ფასები ახდენს. სურსათის გაძვირება გლობალური ტენდენციაა, რაც საქართველოზეც აისახება. დეკემბერში სურსათის წლიურმა ინფლაციამ 16.1%, ხოლო წვლილმა მთლიან ინფლაციაში 4.7 პპ შეადგინა. ოქტომბერში გაძვირების შემდეგ, სურსათიდან ყველაზე გამოსარჩევი პური გახდა. სამომხმარებლო კალათაში პურს ყველაზე დიდი წონა (3.74%) აქვს. ამ პროდუქტის წლიური გაძვირება დეკემბერში 22.2%-ს გაუტოლდა". - წერია ეროვნული ბანკის ანგარიშში.

 

კომენტარები