ე.წ. ქურდული სამყარო

დაკავებულია "ქურდულ სამყაროსთან" დაკავშირებული 29 პირი, 3-ს ბრალი წარედგინება – შსს

შსს-ს განცხადებით, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 29 პირი დააკავეს, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის, ერთი საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდი, ბესიკ ჯაფარიძეა. 

აღნიშნული ინფორმაცია გამართულ ბრიფინგზე კრიმინალური პოლიციის დირექტორმა, დავით კიკნაძემ გაავრცელა.

"პირადი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით აქტიურად ერთვებოდნენ მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების გადაწყვეტაში. აღნიშნულ პროცესში, კრიმინალური გავლენების გაძლიერებისა და მოდავე მხარეებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენის მიზნით ჩართული იყო საზღვარგარეთ მცხოვრები ე.წ. კანონიერი ქურდი ბესიკ ჯაფარიძე.

[...] მოდავე მხარეებთან ერთად, პერიოდულად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს, დისტანციური კომუნიკაციისა და პირადი შეხვედრების დროს, ბესიკ ჯაფარიძე, კრიმინალური სამყაროს წესებისა და ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად, იღებდა საბოლოო გადაწყვეტილებებს, რომელთა საფუძველზეც ერთ-ერთ მხარეს მეორეს სასარგებლოდ სოლიდური თანხის გადახდა ეკისრებოდა. დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან ვადების დარღვევის შემთხვევაში ბრალდებულები მოქალაქეებს და მათი ოჯახის წევრებს ფიზიკური ანგარიშსწორებით, ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. 

ნივთმტკიცებად ამოღებულია ბრალდებულთა მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა საშუალებით ისინი კრიმინალურ ავტორიტეტებს და ერთმანეთს უკავშირდებოდნენ. ასევე ამოღებულია უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი საშუალებები და საბრძოლო მასალა". - ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება სსკ-ს 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია და 223-კვარტა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები