მე-10 მოწვევის პარლამენტი

აშშ-ს საელჩო ჯაფარიძის მანდატის გაუქმებაზე: აჩენს კითხვებს კანონის უზენაესობისადმი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ჰარკერ ჰარისის შეფასებით, პარლამენტმა ლელოს წევრის, ბადრი ჯაფარიძის მანდატის გაუქმებაზე გადაწყვეტილება ნაჩქარევად მიიღო, რამაც წარმოშვა კანონის უზენაესობისადმი კითხვის ნიშნები და დაასუსტა პარლამენტი.

"ბადრი ჯაფარიძის მანდატის ნაჩქარევად შეწყვეტა გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ისეთი დანაშაულისთვის, რომელზეც გასული იყო სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა, წარმოშობს კანონის უზენაესობისადმი კითხვის ნიშნებს, ასუსტებს პარლამენტს და ეწინააღმდეგება „ქართული ოცნების" გაცხადებულ მიზანს, პარლამენტში პოლარიზაციის შემცირებასთან დაკავშირებით". - ამბობს ჰარისი რადიო თავისუფლებასთან წერილობით კომენტარში.

15 თებერვალს პარლამენტმა, 77 მომხრე და 28 მოწინაღმდეგით, ბადრი ჯაფარიძეს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა. პარლამენტმა ლელოს ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს მანდატი სასამართლოს მიერ ჯაფარიძე/ხაზარაძე/წერეთლის საქმეზე გამოტანილი განაჩენის მოტივით შეუწყვიტა. 12 იანვარს ლელოს ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე, ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი სასამართლომ გაამტყუნა და 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა მათ დანაშაულის ხანდაზმულობის გამო არ დააპატიმრებენ. მოსამართლემ სამივე მათგან მუხლი გადაუკვალიფიცირა და ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ.

მანდატთა გაუქმებას საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელიც გამოეხმაურა. მისი შეფასებით, გადაწყვეტილების მიღება პარლამენტში პოლიტიკური ინკლუზიურობისა და დემოკრატიული პლურალიზმის ხარჯზე მოხდა. 

15 თებერვალს ბადრი ჯაფარიძესთან ერთად, მანდატები გაუქმეს დროას წევრს, ელენე ხოშტარიასა და ლეიბორისტული პარტიის ლიდერს, შალვა ნათელაშვილს. 

ჯაფარიძისა და ნათელაშვილისთვის დეპუტატის მანდატის შეჩერებით პარტია ლელო და ლეიბორისტული პარტია საბიუჯეტო დაფინანსებასაც კარგავენ. დაფინანსება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილების მიხედვით წყდება. კანონის თანახმად, პარტია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას კარგავს, თუ ამ პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარს ან ნახევარზე მეტს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე უწყდება.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადეს. მალევე, საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის ადგილები პარტია მოქალაქეების ორმა დეპუტატმა დაიკავა, შემდეგ კი, შარლ მიშელის დოკუმენტის გაფორმების შემდეგ, პარლამენტში შევიდნენ ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი და გირჩი. ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლებას პარლამენტში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შესვლაც მოჰყვა.

შარლ მიშელის დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერიათ ლეიბორისტულ პარტიას, ევროპულ საქართველოს, პარტიას კანონი და სამართალი  (თუმცა, თაკო ჩარკვიანი პარლამენტში შევიდა). ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრს და ამჟამად დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას.

კომენტარები