NATO-რუსეთი

მედია: NATO-ს დამატებით ძალებს რუმინეთში, სლოვაკეთსა და ბულგარეთშიც განათავსებენ

მედიის ინფორმაციით, უკრაინა-რუსეთის დაძაბულობის ფონზე, NATO-ს დამატებით სამხედრო კონტინგენტებს ამ გაზაფხულზე განათავსებენ რუმინეთში, სლოვკაეთსა და ბულგარეთშიც. გერმანული მედიის, dpa-ს ცნობით, ოფიციალურ გადაწყვეტილებას 16 თებერვალს მიიღებენ. 

dpa-ს ცნობით, ალიანსის 30 წევრი წერილობითად შეთანხმდა ზემოხსენებულ ინიციატივაზე.

გერმანული მედიის ინფორმაციით, რუმინეთში, სლოვაკეთსა და ბულგარეთში შესაძლოა სამხედროები საფრანგეთიდან და აშშ-დან გაგზავნონ. ამჟამად NATO-ს სამხედროები აღმოსავლეთ ევროპაშ მხოლოდ ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში იმყოფებიან.

ვარაუდობენ, რომ გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ დამტკიცდება 16 თებერვალს, NATO-ს მინისტერიალზე, რის შემდეგაც საჯაროდაც გამოაცხადებენ. ასევე, NATO აპირებს გადახედოს საკუთარი ძალების შემადგენლობას ევროპის სხვა ქვეყნებში. 

dpa-ს ცნობით, NATO რუსეთის ფედერაციის რეაქციას დაელოდება.

დღეს, 11 თებერვალს რუმინეთში აქამდე არსებული გადაწყვეტილებით გაგზავნილი დამატებითი აშშ-ს ძალები უკვე ჩავიდნენ

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, NATO გააგრძელებს უკრაინის დაძაბულობის ფონზე აღმოსავლეთ ევროპაში პოზიციების გაძლიერებას, თუმცა ასევე განიხილავს შავი ზღვის რეგიონში წარმომადგენლობის ხანგრძლივ ყოფნასაც.

"გარდა ამისა, ჩვენ განვიხილავთ ჩვენს განლაგებებში უფრო გრძელვადიან ცვლილებებს და ეს მოიცავს საბრძოლო ჯგუფების შექმნას ალიანსის სამხრეთ-აღმოსავლეთით, რაც გულისხმობს რუმინეთს, თუმცა შავი ზღვის რეგიონის გარშემო არსებულ სხვა ქვეყნებსაც", – თქვა იენს სტოლტენბერგმა.


დაძაბული ვითარების ფონზე NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გამტკიცებისთვის ევროპაში აშშ-ს დამატებმა სამხედრო ძალებმა უკვე დაიწყეს ჩასვლა. აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, პოლონეთსა და რუმინეთში 3 000-მდე ჯარისკაცი განთავსდება. დასავლურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის 70%-იც მზად არის.

უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანსვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები