დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

შერმანი: თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, მოსკოვში ტომარაში გახვეული გვამები დაუბრუნდებათ

ვენდი შერმანი

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვენდი შერმანი რუსეთს აფრთხილებს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, უკან ტომრებში გახვეული გვამები დაუბრუნდებათ. მან ამის შესახებ ამერიკული ტელეკომპანია NBC-ის ეთერში ისაუბრა. 

"არა მხოლოდ რუსეთის ეკონომიკისთვის შემზარავი შედეგები იქნება, შედეგებს მხოლოდ აშშ და მთელი ეს შესანიშნავი ალიანსი და მსოფლიოს ქვეყნები კი არ გამოიწვევენ, არამედ ვლადიმირ პუტინმა უნდა გაიგოს, რომ მოსკოვში ტომარაში გახვეული გვამები დაუბრუნდებათ, რომ რუსეთის მოქალაქეები დაზარალდებიან, რადგან მათი ეკონომიკა სრულად განადგურდება", – თქვა შერმანმა. 

რუსეთი უკრაინის შეჭრის შემთხვევაში სისხლისმღვრელ კონფლიქტსა და დანაკარგებზე გასულ თვეში დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმაც გააფრთხილა. მან აღნიშნა, რომ ეს რუსეთისთვის შესაძლოა ახალ ჩეჩნეთის ომად გადაიქცეს.

"ჩვენ ასევე უნდა გავგზავნოთ მესიჯი, რომ უკრაინაში შეჭრა, რუსეთის გადმოსახედიდან, იქნება მტკივნეული, დაუნდობელი და სისხლისმღვრელი საქმე. ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, რუსეთში ხალხმა გაიგოს, რომ ეს შესაძლოა ახალი ჩეჩნეთი იყოს. უკრაინაში რამდეჯერმე ვარ ნამყოფი, ცოტათი ვიცნობ ამ ქვეყნის ხალხს და ჩემი შეფასებით, ისინი იბრძოლებენ", – თქვა ჯონსონმა.

ასევე, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ თრასის თქმით, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, უკრაინელები იბრძოლებენ და ეს იქნება ხანგრძლივი ომი.


დაძაბული ვითარების ფონზე NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გამტკიცებისთვის ევროპაში აშშ-ს დამატებმა სამხედრო ძალებმა უკვე დაიწყეს ჩასვლა. აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, პოლონეთსა და რუმინეთში 3 000-მდე ჯარისკაცი განთავსდება. დასავლურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის 70%-იც მზად არის.

უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები