თავდასხმა აშშ-ში

აშშ 2017 წელს ბაპტისტურ ეკლესიაში მომხდარი თავდასხმის მსხვერპლებს 230 მილიონს გადაუხდის

აშშ-ის მთავრობა ტექსასის შტატის, ქალაქ საზერლენდ სპრინგსის ბაპტისტურ ეკლესიაში 2017 წელს მომხდარი თავდასხმის მსხვერპლებს და მსხვერპლთა ოჯახებს 230 მილიონ დოლარს გადაუხდის. შესაბამისი გადაწყვეტილება ფედერალურმა სასამართლომ მიიღო.

სასამართლოს დასკვნით, მამაკაცს, რომელმაც საზერლენდ სპრინგსის ბაპტისტურ ეკლესიაში 26 ადამიანი მოკლა და 22 დაჭრა, იარაღის ფლობის უფლება არ უნდა ჰქონოდა, რადგან წარსულში ოჯახური ძალადობის ფაქტზე იყო გასამართლებული.

თავდამსხმელი, დევინ პატრიკ კილი მის იმჟამინდელ ცოლზე და გერზე ძალადობის ბრალდებით 2012 წელს გაასამართლეს. მაშინ, როდესაც ის ჯერ კიდევ აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებში მსახურობდა. 2014 წელს ის გაათავისუფლეს. კანონმდებლობის მიხედვით, ძალადობაზე გასამართლების გამო, კილის იარაღის ლეგალურად ყიდვის უფლება არ უნდა ჰქონოდა, თუმცა მან ნახევრადავტომატური იარაღის შეძენა მაინც მოახერხა, რადგან აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებს მისი გვარი შესაბამის მონაცემთა ბაზაში არ შეუტანიათ.

დევინ პატრიკ კილი საზერლენდ სპრინგსის ბაპტისტურ ეკლესიაში 2017 წლის 5 ნოემბერს, წირვის დროს ნახევრადავტომატური იარაღით შეიჭრა. თავდამსხმელმა 26 ადამიანის მოკვლისა და 22-ის დაჭრის შემდეგ, ადგილიდან მიმალვა ავტომობილით სცადა, თუმცა საკუთარი თავისთვის მიყენებული ჭრილობის გამო გზაშივე გარდაიცვალა.

კომენტარები