თავდასხმა აშშ-ში

ფლორიდის აეროპორტში თავდასხმას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, რვა - დაიჭრა

AP

აშშ-ში, ფლორიდის შტატში, ფორტ-ლოდერდეილის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, რვა - დაიჭრა.

სამართალდამცავთა ცნობით, გამოძიებას თავდასხმის ტერორისტული მოტივი ჯერ არ გამოურიცხავს.

თავდამსხმელი, რომელმაც სროლა ბარგის გასაცემ პუნქტში დაიწყო, პოლიციამ დააკავა. ცეცხლსასროლი იარაღი მან უკვე რეგისტრირებული ბარგიდან ამოიღო და დატენა. სროლის შემდეგ კი იარაღი დააგდო და პოლიციას ჩაბარდა.

დაკავებული ერაყის ომის ვეტერანი 26 წლის ესტებან სანტიაგოა. როგორც ირკვევა, ნოემბერში მან FBI-ის ოფისს მიაკითხა იმის სათქმელად, რომ მის გონებას აშშ-ს მთავრობა „აკონტროლებდა“ და ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ვიდეოების ყურებას აიძულებდა. FBI-იმ ის ადგილობრივ პოლიციას გადასცა, რომელმაც ფსიქიკური ჯანმრთელობის შესამოწმებლად გადაიყვანა.

ეს ერთერთია აშშ-ში ბოლო წლებში მომხდარი იმ მასობრივი თავდასხმებიდან, სადაც თავდამსხმელების ინსპირაციის წყარო „ისლამურ სახელმწიფო“ იყო. მათ შორის ყველაზე მასშტაბური შარშან ფლორიდაში ორლანდოს გეი კლუბზე თავდასხმა იყო, რომელსაც 49 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები