ISIS

ბაიდენი: ISIS-ის ლიდერმა თავი ოჯახთან ერთად აიფეთქა

აშშ-ს განცხადება აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშიმი ალ-კურაიშის ძებნის შესახებ. ISIS-ის ლიდერი რამდენიმა სხვადასხვა სახელით მოქმედებდა.

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს (ISIS) ლიდერმა, აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშიმი ალ-კურაიშიმ, ასევე ცნობილმა, როგორც ჰაჯი აბდულამ აშშ-ს ძალების სპეცოპერაციის დროს, თავი საკუთარ ოჯახთან ერთად აიფეთქა.

"თავდაცვის დეპარტამენტს მივეცი მითითება, რომ გამოეჩინათ ყველანაირი სიფრთხილე, რათა მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლი მინიმალური ყოფილიყო. რადგან ვიცოდით, რომ ამ ტერორისმა გადაწყვიტა ყოფილიყო ოჯახების გარემოცვაში, ბავშვების ჩათვლით, მისი საჰაერო იერიშით სამიზნეში ამოღების ნაცვლად, გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა სპეციალური ძალების რეიდი, რაც ჩვენსავე ხალხს მეტ საფრთხეს უქმნიდა. ჩვენ ეს არჩევანი გავაკეთეთ, რათა შეგვემცირებინა მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლი. ჩვენი ჯგუფი ამ დრომდე ადგენს ანგარიშს, მაგრამ ვიცით, რომ როდესაც ჩვენი ჯარისკაცები ტერორისტებს დასაკავებლად მიუახლოვდნენ, სასოწარკვეთილო სილაჩრის უკანასკნელი ქმედების სახით, მან, საკუთარი ოჯახის წევრების ან შენობაში მყოფების სიცოცხლის გათვალისწინების გარეშე, თავის აფეთქება გადაწყვიტა. არა უბრალოდ [თვითმკვლელის] ქამარი, არამედ მთელი მესამე სართული ააფეთქა, იმის ნაცვლად, რომ დამდგარიყო სამართლის წინაშე, საკუთარი დანაშაულების გამო. შეიწირა საკუთარი ოჯახის რამდენიმე წევრი, როგორც მისმა წინამორბედმა", – თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა. 

ინფორმაცია ISIS-ის ლიდერის სიკვდილის შესახებ 3 თებერვალს პრეზიდენტმა ბაიდენმა გაავრცელა

აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშიმი ალ-კურაიში ტერორისტული დაჯგუფების ე.წ. ხალიფის პოზიციას 2019 წლიდან იკავებდა. 2019 წელს აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა მოკლეს ISIS-ის ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი. მისი სიკვდილი ISIS-მა დაადასტურა და ე.წ. ხალიფად აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშიმი ალ-კურაიში გამოაცხადეს. ალ-ბაღდადიმ, ალ-კურაიშის მსგავსად თავი დაჭერამდე აიფეთქა. 

"გასული ღამის ოპერაციამ, ბრძოლის ველიდან გააქრო ტერორისტების მთავარი ლიდერი და გაგზავნა ძლიერი გზავნილი მთელი მსოფლიოს ტერორისტების მიმართ: ჩვენ თქვენთვის მოვალთ და გიპოვით", – აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა. 

არსებული ინფორმაციით, ალ-კურაიში 2008 წელს ერაყში, ქალაქ მოსულში აშშ-ს ძალებს დაკავებულიც კი ჰყავდათ, მას შემდეგ, რაც მის სახლზე რეიდი მოაწყვეს, თუმცა არაა ცნობილი, როგორ მოხდა მისი გათავისუფლება. 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს ალ-კურაიშიზე ინფორმაციის სანაცვლოდ $5 მილიონი ჯილდო ჰქონდა დაწესებული, რომელიც შემდეგში, 2020 წელს გააორმაგეს. 

ცნობების მიხედვით, ალ-კურაიში 1976 წელს დაიბადა. ის ISIS-ის წინამორბედ ტერორისტულ დაჯგუფებაში, ერაყის ალ-კაიდაში რელიგიური პირი იყო. ISIS-ში დაწინაურდა და ალ-ბაღდადის მმართველობის დროს ე.წ. ამირას მოადგილე გახდა. ალ-კურაიში ჩრდილში რჩებოდა და ტერორისტული დაჯგუფებისთვის საჯარო მიმართვა არც ერთხელ გაუკეთებია. 

ჯო ბაიდენის თქმით, ალ-კურაიში 2014 წელს ISIS-ის მიერ ჩრდილოეთ ერაყში მოწყობილი იეზიდების გენოციდის უკან იდგა.

ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ დაღმასვლა 2019 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც მისი დაამაარსებელი, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი უვნებელყვეს. ამის შემდეგ, ISIS-ი პარტიზანულ თავდასხმებზე გადავიდა. ბოლო დიდი თავდასხმა დაჯგუფებამ ქურთების კონტროლირებად ჩრდილოეთ სირიაში, ციხეზე იერიშის სახით მოაწყვეს. ამ ციხეზე კონტროლი ქურთებმა აშშ-ს ძალების დახმარებით აღადგინეს.

კომენტარები