ISIS

აშშ-ს ძალებმა სირიაში ანტიტერორისტულ ოპერაციაზე ISIS-ის ლიდერი მოკლეს

აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშიმი ალ-კურაიში

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ-ს ძალებმა სირიაში შეასრულეს ანტიტერორისტული ოპერაცია და მოკლეს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს (ISIS) ლიდერი, აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშიმი ალ-კურაიში.

"გასულ ღამეს, ჩემი მითითებით, ჩრდილო-დასავლეთ სირიაში აშშ-ს სამხედრო ძალებმა წარმატებით ჩაატარეს კონტრტერორისტული ოპერაცია, ამერიკელი ხალხისა და მოკავშირეების ინტერესების დასაცავად და მსოფლიოს უფრო უსაფრთხო ადგილად გადაქცევისთვის. ჩვენი შეიარაღებული ძალების ნიჭისა და სიმამაცის წყალობით, მოვკალით აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშიმი ალ-კურაიში, ISIS-ის ლიდერი. ყველა ამერიკელი ოპერაციიდან უვნებელი დაბრუნდა", – აცხადებს ბაიდენი და ამატებს, რომ დამატებით დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებს.

აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშიმი ალ-კურაიში ტერორისტული დაჯგუფების ე.წ. ხალიფის პოზიციას 2019 წლიდან იკავებდა. 2019 წელს აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა მოკლეს ISIS-ის ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი. მისი სიკვდილი ISIS-მა დაადასტურა და ე.წ. ხალიფად აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშიმი ალ-კურაიში გამოაცხადეს.

აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის უვნებელყოფის სპეცოპერაციის შემდეგ, აშშ-ს ძალების მიერ ალ-კურაიშის მოკვლის ოპერაცია ყველაზე დიდი იყო. არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, ოპერაციას სულ მცირე 13 ადამიანის, მათ შორის ქალებისა და ბავშვების სიცოცხლეც ემსხვერპლა.

კომენტარები