ე.წ. ისლამური სახელმწიფო

დონალდ ტრამპმა ISIS-ის ლიდერის ალ-ბაღდადის მკვლელობა დაადასტურა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ISIS-ის ლიდერის ალ-ბაღდადის მკვლელობა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე დაადასტურა.

ტრამპის თქმით, მსოფლიოში ყველაზე საშიში ტერორისტული დაჯგუფების ლიდერს ამერიკის შეერთებული შტატები მრავალი წელი ეძებდა.

მისივე ცნობით, აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა სირიის ჩრდილო დასავლეთით განხორციელებული მისია წარმატებით შეასრულეს.

"ალ-ბაღდადიმ საიდუმლო გვირაბით ტირილითა და ყვირილით სცადა გაქცევა, ის არ მომკვდარა, როგორ გმირი, ის მოკვდა როგორც ლაჩარი.", - თქვა ტრამპმა.

ISIS-ის ლიდერის თავშესაფრიდან 11 ბავშვი უვნებელი გამოიყვანეს, მაგრამ, როგორც ტრამპი ამბობს, ალ-ბაღდადიმ გაქცევისას სამი მცირეწლოვანი შვილი თან წაიყვანა და თავი მათთან ერთად აიფეთქა.

"ბოროტმოქმედმა, რომელიც სხვების დაშინებას ცდილობდა, საკუთარი ცხოვრების ბოლო წუთები პანიკასა და შიშში გაატარა", - ამბობს ტრამპი.

აშშ-ის პრეზიდენტის ცნობით, სპეცოპერაციის შემდგომ, მათ მნიშვნელოვანი მასალები მოიპოვეს ტერორისტული დაჯგუფების სამომავლო გეგმების შესახებ.

"ტერორისტებმა, რომლებიც უდანაშაულო ადამიანებს ხოცავენ, უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ აუცილებლად, ბოლომდე გავანადგურებთ მათ. ეს მონსტრები თავს ვერ დაიხსნიან, ღმერთის საბოლოო განაჩენსაც ვერსად გაექცევიან", - თქვა ტრამპმა თეთრ სახლში გამოსვლისას.

მანამ, სანამ დონალდ ტრამპი მომხდარს დაადასტურებდა, CNN-თან საუბარში ანონიმური ოფიციალური პირები ამბობდნენ, რომ სირიაში აშშ-ის სპეცოპერაციისას ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ თავი აიფეთქა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკული მედიის ინფორმაციით აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის წინააღმდეგ ოპერაცია განახორციელეს.

აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის სიკვდილის შესახებ ცრუ ინფორმაცია წარსულშიც გავრცელებულა, თუმცა შემდეგ, მიმდინარე წელს, გავრცელდა ვიდეო, რომელშიც, 5 წლის შემდეგ ის პირველად გამოჩნდა.

18-წუთიან ვიდეოში, რომელიც ისლამურმა სახელმწიფომ გაავრცელა, ალ ბაღდადი ისეთ საკითხებს განიხილავს, როგორიც არის ტერაქტები შრი-ლანკასა და საუდის არაბეთში - ალ ბაღდადი პასუხისმგებლობას იღებს შრი-ლანკაზე მომხდარ თავდასხმაზე, რომლის შედეგადაც ქრისტიანულ ტაძარში 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მისი თქმით, ორგანიზაცია მათი მებრძოლების დაკავებისა და დახოცვისთვის შურისძიებას გეგმავს. უცნობია, ზუსტად როდის არის ვიდეო გადაღებული.

ალ-ბაღდადის ნამდვილი სახელი იბრაჰიმ ავად ალ-ბადრია. ის 1971 წელს ქალაქ სამარაში, ბაღდადიდან ჩრდილოეთით დაიბადა. არსებობს ვარაუდი იმის შესახებ, რომ 2003 წელს ერაყში აშშ-ის შესვლამდე ის ერთ-ერთ მეჩეთში სასულიერო პირი იყო, ზოგიერთი ინფორმაციით კი ალ-ბაღდადი სადამ ჰუსეინის მმართველობის დროსაც ჯიჰადისტი მებრძოლი იყო.

პირველად ალ-ბაღდადი 2010 წელს გამოჩნდა როგორც ერაყში ალ-ქაიდას ლიდერი. 2014 წელს კი გავრცელდა მოსულიში გადაღებული ვიდეო, რომელშიც ალ-ბაღდადი სირიასა და ერაყში ხალიფატის დაარსებას აცხადებს.

ამის შემდეგ ალ-ბაღდადი არ გამოჩენილა და ვარაუდობდნენ, რომ ის საჰაერო თავდასხმებისას მოკვდა, თუმცა მიმდინარე წელს გავრცელებულმა ვიდეომ ეს ვარაუდი ეჭვქვეშ დააყენა.

კომენტარები