სირია

ქურთულმა ძალებმა დაიბრუნეს კონტროლი ციხეზე, რომელშიც ISIS-ი იყო გამაგრებული

FARHAD SHAMI

სირიაში, ქალაქ ალ-ჰასაკაში ქურთულმა სამხედრო ალიანსმა, სირიის დემოკრატიულ ძალებმა, სრული კონტროლი დაიბრუნეს ციხეზე, რომელშიც 6 დღის განმავლობაში ე.წ ისლამური სახელმწიფოს ძალები იყვნენ გამაგრებული. ინფორმაცია SDF-ს წარმომადგენელმა Twitter-ზე გაავრცელა. SDF-ს ამერიკული ძალები უჭერდა მხარს. 

ე.წ ისლამურ სახელმწიფოს ძალებთან დაპირისპირებაში სულ მცირე 181 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის დაჯგუფების 124 წევრი და პატიმარი, 50 პოლიციელი, SDF-ის მებრძოლი და ბადრაგები.

20 იანვარს ISIS-ის ტერორისტები თავს დაესხნენ ციხეს, სადაც მათი დაჯგუფების წევრები პატიმრობაში იმყოფებოდნენ. მათ ასაფეთქებლებით დატვირთული მანქანა საპყრობილის კართან ააფეთქეს. ამის შემდეგ ციხიდან ათეულობით ტერორისტი გაიქცა, ნაწილმა კი ციხე დაიკავა. ISIS-ის გავრცელებულ ვიდეოში ჩანდა როგორ აღმართეს მათმა ტერორისტებმა ციხეზე დაჯგუფების შავი დროშა. 

ალ-ჰასაკაში მყოფი ციხე სირიელი ქურთების კონტროლის ქვეშ მყოფი ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი საპატიმროა. შენობაში სავარაუდოდ ათასობით პატიმარი იმყოფებოდა. დაპატიმრებულების ნათესავების ბრალდებით, ბევრი პატიმარი უმიზეზოდ არის დაჭერილი და ბრალდებაც კი არ აქვთ წარდგენილი. პატიმრებს შორის ბევრია არასრულწლოვანიც. განსაკუთრებულ უკმაყოფილებას გამოთქვამენ ადგილობრივი არაბები, რომლებიც ქურთების კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ბრალდებებს SDF-ში უარყოფენ.

ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ერთ-ერთი ამერიკული ჯგუფის ინფორმაციით SDF-ის ციხეებში 12 000-მდე პატიმარი იმყოფება, რომელთაგან 2000-4000 კაცი დაახლოებით 50 სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან.

მას შემდეგ, რა ISIS-მა 2019 წელს სირიაში, აშშ-ს ანტიტერორისტული კოალიციის ძალისხმევით, ტერიტორიებზე კონტროლი სრულად დაკარგა, დაჯგუფება კვლავ პარტიზანულ ბრძოლაზე გადავიდა. ისინი თავს ესხმიან როგორც ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის ისე SDF-ის ძალებს. მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნეები ციხეებია, საიდანაც საკუთარ თანამოაზრეებს ათავისუფლებენ.

კომენტარები