დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ჯონსონი: ნებისმიერი შემდგომი თავდასხმა უკრაინაზე ტრაგიკული შეცდომა იქნება

ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. ჯონსონის თქმით, უკრაინაზე ნებისმიერი შემდგომი თავდასხმა ტრაგიკული შეცდომა იქნება.

"ვესაუბრე პრეზიდენტ პუტინს რათა გამომეხატა ჩემი ღრმა შეშფოთება უკრაინის საზღვართან რუსეთის მტრული მოქმედებების გამო. ნებისმიერი შემდგომი თავდასხმა უკრაინის ტერიტორიაზე იქნება ტრაგიკული შეცდომა. დიალოგი და დიპლომატია ურთიერთობის გაგრძელების ერთადერთი საშუალებაა" - წერს ჯონსონი Facebook-ზე.

კრემის მიხედვით ლიდერებს დეტალური საუბარი ჰქონდათ, რომლის დროსაც პუტინმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ NATO-ს არ სურს რუსეთისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის წარმომადგენლის თქმით, მხარეები თანხმდებიან, რომ მდგომარეობის გამწვავება არავის ინტერესებში შედის. საუბრის დროს განხილული იყო ისეთი საკითხები, როდესაც დიდი ბრიტანეთიც და რუსეთიც მოგებული დარჩა ღია კომუნიკაციით. მათ შორის კლიმატის ცვლილება, მდგომარეობა ავღანეთში და ირანის ბირთვული შეთანხმება.

უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები