დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ჯონსონი: როგორც კი რუსი სამხედრო უკრაინის საზღვარს გადაკვეთს, სანქციები ამოქმედდება

ბორის ჯონსონის ვიზიტი უკრაინაში. 2022 1 თებერვალი.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდება მაშინვე, როდესაც რუსი სამხედრო უკრაინის საზღვარს გადაკვეთს. ამის შესახებ მან კიევში გამართული შეხვედრის დროს ისაუბრა.

"სხვა ქვეყნებთან ერთად ჩვენ ვამზადებთ სანქციების პაკეტსა და სხვა მეთოდებს, რომლებსაც ძალაში მოვიყვანთ იმ მომენტიდანვე, როცა პირველი რუსი უკრაინის ტერიტორიაზე ფეხს დადგამს. ჩვენ ეს ყველაფერი მზად გვაქვს, არა რუსეთის მიმართ მტრული დამოკიდებულების საჩვენებლად, არამედ როგორც დემონსტრაცია, რომელსაც მუდამ მხარს დავუჭერთ თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვისა და აგრესიის პირისპირ მყოფი უკრაინული სუვერენიტეტისთვის", – თქვა ბორის ჯონსონმა. 

ამას გარდა, ბრიტანეთის პრემიერმა ხაზი გაუსვა უკრაინისთვის 88 მილიონი გირვანქა სტერლინგით დახმარებასაც. 

მან აღნიშნა დიპლომატიის მნიშვენლობაც.

"ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა უკან დაიხიოს და დიპლომატიას დაუბრუნდეს", – ამბობს ჯონსონი.

"უკრაინაში რუსეთის მორიგი შეჭრა იქნება პოლიტიკური კატასტროფა, ჰუმანიტარული კატასტრობა და ჩემი აზრით, ასე იქნება რუსეთისთვისაც, მსოფლიოსთვისაც ", – თქვა ჯონსონმა.

საინტერესოა, რომ ბრიტანეთს, პოლონეთსა და უკრაინას შორის იქმნება ახალი ალიანსი, რომლის შესახებ ჯერ ბევრი რამ ცნობილი არაა. ბოლო ხანებში, რუსეთთან არსებული დაძაბულობის ფონზე, ლონდონი ატიურად ეხმარებოდა კიევს.


უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

მოვლენების ესკალაციის შესაძლო სცენარებს გაეცანით აქ – რუსეთის უკრაინაში შეჭრის შესაძლო სცენარები და მიმართულებები.

კომენტარები