საქნახშირის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, გვანცა დელიბაშვილის თქმით, ტყიბულის შახტში შესაბამისი სამსახურები იმყოფებიან და გამოძიება მიმდინარეობს.
"როგორც კი დასრულდება ამ ფაქტის გამოძიება, აუცილებლად მოგაწვდით ინფორმაციას" - ამბობს ის.
გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შახტებში გაზის კონცენტრაციის განმსაზღვრელი მოწყობილებები რიგ შემთხვევებში გაუმართავი იყო, საქნახშირის წარმომადგენელი უარყოფს.
"არა, გამართულია, იმიტომ, რომ ჩვენთან ყველაფერი გამართული იყო" - უთხრა დელიბაშვილმა ფორმულას.
ტყიბულის ერთერთ შახტში აფეთქება გვიან ღამით მოხდა. დაშავდა 10 ადამიანი, მათგან ერთი კლინიკაში გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.