როგორც რაჭველმა, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ არაჩვეულებრივი სანახობაა ნაქერალადან დანახული ტყიბული, ულამაზესი ლანდშაფტი, რომელიც ახასიათებს ამ ქალაქს.
მინდა მოგილოცოთ ყველას მეშახტის დღე, ერთმანეთისგან განუყოფელი ცნებებია ტყიბული და მეშახტე. ტყიბული იწოდება მეშახტეების ქალაქად და ყველას მინდა მოგილოცოთ მეშახტის დღე.
მეშახტის შრომა არის გამორჩეულად რთული შრომა, თუმცა, ეს არის ასევე გამორჩეულად საამაყო შრომაც. და თუ ვინმეს შეიძლება ეწოდოს შრომის გმირი, ესენი არიან სწორედ ტყიბულელი მეშახტეები და განსაკუთრებული პატივისცემა მინდა გამოვხატო თითოეული მეშახტის მიმართ.
2017-2018 წლებში ჯერ კიდევ იყო ძალიან ბევრი პრობლემა, რაც დაკავშირებული იყო მეშახტის შრომასთან, იყო პრობლემები შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, იყო პრობლემები შახტების გადაიარაღებასთან დაკავშირებით, შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, და მე მიხარია, რომ 2019 წლიდან ეს პრობლემები ეტაპობრივად გადაჭრის გზაზეა, 80%-ით გაიზარდა მას შემდეგ მეშახტეების ხელფასი, გადაიარაღდა შახტები, გაუმჯობესდა შრომის უსაფრთხოება და, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს პროცესი ასე გაგრძელდეს და ჩვენ გვაქვს კონკრეტული დაპირება, რომ გაგრძელდება შახტების განვითარება, რაც, რა თქმა უნდა, აისახება ტყიბულელებზე, მათ დასაქმებაზე, მათ ანაზღაურებაზე და ამაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ, როგორც საქართველოს მთავრობა, ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას.
ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ ტყიბულს არ მოვაკლოთ ჩვენი მზრუნველობა, ჩვენი ყურადღება და გარწმუნებთ, რომ შემდეგი წლების განმავლობაშიც, განვაგრძობთ აუცილებლად ტყიბულზე ზრუნვას.





