დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ფონ დერ ლეიენი: თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, Nord Stream 2-ის გაჩერებას განვიხილავთ

ურსულა ფონ დერ ლაიენ

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის თანახმად, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში ევროკავშირი განიხილავს იმგვარ სანქციებს, როგორებიცაა გაზსადენ Nord Stream 2-ის გაჩერება და გარიცხვა SWIFT-ის სისტემიდან. 

"როცა საქმე ეხება სანქციებს, დაწყებული Nord Stream 2-ის გათიშვიდან, დამთავრებული SWIFT-ის სისტემიდან გარიცხვით, ყველაფერი ჯერ კიდევ მაგიდაზეა". - ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი.

ფონ დერ ლეიენის თქმით, უკრაინაში შეჭრა რუსეთისთვის საკმაოდ მტკივნეული იქნება, რადგან ევროკავშირი მისი უდიდესი სავაჭრო პარტნიორია და მის ხელში ძლიერი ბერკეტია.

"არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროკავშირი რუსეთისთვის უდიდესი სავაჭრო პარტნიორი და ინვესტორია, 75% ინვესტიციებისა ქვეყანაში ევროკავშირიდან შედის, შესაბამისად, უკრაინის მიმართ აგრესიის გაზრდა რუსეთისთვის მტკივნეული იქნება". - თქვა ურსულა ფონ დერ ლეიენმა.

უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში გერმანიისა და რუსეთის მაკავშირებელი გაზსადენის, ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის პროექტის გაჩერებით რუსეთს აშშ-ც აფრთხილებს.

ბალტიის ზღვაში გამავალი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მშენებლობა გასულ წელს დასრულდა, თუმცა ბუნებრივი აირის მიწოდება ჯერ არ დაწყებულა. გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი დროებით შეჩერებულია.

პროექტს ეწინააღმდეგებოდა უკრაინა, რომლის ტერიტორიაზეც აქამდე ევროპაში ბუნებრივი აირის იმპორტიორი ერთ-ერთი მთავარი გაზსადენი გადიოდა. ამას გარდა, ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის პროექტი აჩენს შიშებს, რომ ევროკავშირის ქვეყნები და განსაკუთრებით გერმანია რუსეთზე ენერგოდამოკიდებულები გახდებიან.

"ეს პროექტი არღვევს ევროკავშირის ენერგოპოლიტიკის პრინციპებს, საფრთხეს უქმნის უკრაინასა და პოლონეთის ეკონომიკურ და სტრატეგიულ მდგომარეობას. ბაიდენი ეწინააღმდეგება ამ პროექტს". – ამობდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი 2021 წლის მარტში.

2021 წლის ივლისში გერმანიამ და აშშ-მ მაღწიეს შეთანხმებას, რომ ამერიკა დაუშვებდა გაზსადენის შენებას ისე, რომ დამატებითი სანქციები არ დაეწესებინა, სანაცვლოდ კი გერმანია კიდევ 10 წლით გაახანგრძლივებდა რუსეთსა და უკრაინაზე ბუნებრივი აირის ტრანზიტის კონტრაქტს, რომელსაც ვადა 2024 წელს გასდის.


უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები