დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

აშშ: თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, გაზსადენი ჩრდილოეთის ნაკადი 2 არ ამუშავდება

რუსული ჯავშანტექნიკის კოლონა ყირიმში, 2022 წლის 18 იანვარი.
AP

აშშ რუსეთს აფრთხილებს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში გერმანიისა და რუსეთის მაკავშირებელი გაზსადენის, ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის პროექტი წინ ვეღარ წავა.

"მინდა ძალიან მკაფიოდ ვთქვა: რუსეთი თუ შეიჭრება უკრაინაში, ნებისმიერი ფორმით, ჩრდილოეთის ნაკადი 2 წინ ვერ წაიწევს", – თქვა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა ამერიკულ მედიასთან, National Public Radio-სთან.

ამავე შინაარსის სიტყვები თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა პრესბრიფინგზე.

"ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის შესახებ ვაგრძელებთ ძალიან მტკიცე და ცხად საუბრებს ჩვენს გერმანელ მოკავშირეებთან და მინდა ნათლად გითხრათ, რუსეთი თუ შეიჭრება უკრაინაში, ნებისმიერი ფორმით, ჩრდილოეთის ნაკადი 2 წინ ვერ წაიწევ", – თქვა ნულანდმა. 

ჟურნალისტის კითხვას, თუ საიდან მოდის თავდაჯერებულობა ამ საკითხის შესახებ, ნულანდმა უპასუხა, რომ გერმანელ პარტნიორებთან ჰქონდათ ფართომასშტაბური კონსულტაციები ყველა დონეზე და დაამატა, რომ დეტალებს არ ჩაუღრმავდებოდა. 

"ჩვენ გერმანიასთან ვიმუშავებთ, რომ გაზსადენი წინ ვერ წავიდეს", – თქვა ნულანდმა. 

გასულ დღეებში გერმანიის საჯარო პოზიცია ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მიმართ განსხვავებული იყო. 

ბალტიის ზღვაში გამავალი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მშენებლობა გასულ წელს დასრულდა, თუმცა ბუნებრივი აირის მიწოდება ჯერ არ დაწყებულა. გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი დროებით შეჩერებულია.

პროექტს ეწინააღმდეგებოდა უკრაინა, რომლის ტერიტორიაზეც აქამდე ევროპაში ბუნებრივი აირის იმპორტიორი ერთ-ერთი მთავარი გაზსადენი გადიოდა. ამას გარდა, ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის პროექტი აჩენს შიშებს, რომ ევროკავშირის ქვეყნები და განსაკუთრებით გერმანია რუსეთზე ენერგოდამოკიდებულები გახდებიან.

"ეს პროექტი არღვევს ევროკავშირის ენერგოპოლიტიკის პრინციპებს, საფრთხეს უქმნის უკრაინასა და პოლონეთის ეკონომიკურ და სტრატეგიულ მდგომარეობას. ბაიდენი ეწინააღმდეგება ამ პროექტს". – ამობდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი 2021 წლის მარტში.

2021 წლის ივლისში გერმანიამ და აშშ-მ მაღწიეს შეთანხმებას, რომ ამერიკა დაუშვებდა გაზსადენის შენებას ისე, რომ დამატებითი სანქციები არ დაეწესებინა, სანაცვლოდ კი გერმანია კიდევ 10 წლით გაახანგრძლივებდა რუსეთსა და უკრაინაზე ბუნებრივი აირის ტრანზიტის კონტრაქტს, რომელსაც ვადა 2024 წელს გასდის.


უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები