დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

უნგრეთი: თუ უნგრელი უმცირესობის მიმართ უკრაინა პოლიტიკას არ შეცვლის, ალბათ არ დავეხმარებით

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო

უკრაინა-რუსეთის დაძაბულობის ფონზე, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს თქმით, თუ უკრაინა უნგრელი უმცირესობის მიმართ არ შეცვლის საკუთარ პოლიტიკას, ეს ბუდაპეშტის მიერ კიევისთვის დახმარების შესაძლებლობას შეზღუდავს, კონფლიქტის შემთხვევაშიც კი.

ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უნგრულ მედიასთან,  Magyar Nemzet-თან ისაუბრა.

"მე ევროკავშირისა და NATO-ს კოლეგებს გულწრფელად ვუთხარი, რომ თუ უკრაინელები არ შეცვლიან ამ პოლიტიკას [უნგრული ეთნიკური უმცირესობების მიმართ], ეს სერიოზულად შეზღუდავს უნგრეთის მთავრობის მიერ უკრაინისთვის ნებისმიერი მხარდაჭერის შესაძლებლობას, კონფლიქტის შემთხვევაშიც", – თქვა სიიარტომ. 

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, გასული წლის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნგრეთის პრეზიდენტ ვიქტორ ორბანთან სატელეფონო საუბრის შემდეგ "ძალიან დადებითად აღწერა მომავალი ორმხრივი ურთიერთობა, ამის შემდეგ კი უკრაინის პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ორმაგი მოქალაქეობა არ იძლევა სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებას".

"ეს ნიშნავს, რომ მას სურს უნგრელები თითქმის მთლიანად გამორიცხოს ეროვნულ თემებში კუთვნილებისგან. მოვიყვან სხვა მაგალითს: უკრაინელებმა მოგვმართეს თხოვნით, უკრაინისთვის ბუნებრივი აირი უნგრეთის გავლით მიგვეწოდებინა. ამას დავთანხმდით, წლის პირველ სამ თვეში შესაძლებელი გახდა უნგრეთის გავლით უკრაინაში შესულიყო 700 მილიონი კუბური მეტრის ბუნებრივი აირი, რაც დასავლეთიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იმპორტია. ამის პარალელურად, უნგრულ ეროვნულ საზოგადოებასთან დაკავშირებულ საკითხებში პროგრესს ვერ მიაღწიეს", – ამბობს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. 

უკრაინაში დაახლოებით 150 000-მდე უკრაინელი უნგრელი ცხოვრობს. მათი უმეტესობის საცხოვრებელი რეგიონი იმიერკარპატებია.

ამას გარდა, გასულ დღეებში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზეც ისაუბრა

"თუ სანქციებს განვიხილავთ, უნდა ვაღიაროთ, რომ ცენტრალური ევროპა დამოკიდებულია რუსეთის ენერგორესურსებზე. მოგვწონს თუ არა, ეს რეალობაა", – თქვა სიიარტომ. 


უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები