დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

წერეთელი: პოლიტიკური ძალები ვცდილობთ, ოცნების სამარცხვინო საქციელის კონპენსაცია მოვახდინოთ

გიგი წერეთელი
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ლიდერები უკრაინის ელჩს ხვდებიან. შეხვედრის წინ, პარტიის პოლიტსაბჭოს თავჯდომარემ, გიგი წერეთელმა ქართული ოცნების პოლიტიკაზე ისაუბრა უკრაინის საკითხის მიმართ. 

წერეთლის თქმით, პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია, სადაც რუსეთი ნახსენებიც არ არის, კარგად ასახავს იმ პოლიტიკური კრიზისის მიზეზს, რაც ქვეყანაშია. 

"ის, რაც ხდება პარლამენტში რეზოლუციასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოხატავს იმ მძიმე კრიზისს, რომელიც არის ქართული ოცნების ასეთი პოზიციების გამო ზოგადად ქვეყანაშიც და კონკრეტულად ამ საკითხთან, იმ უმოქმედობას, გაუგებარ, მავნებლურ პოზიციას ქვეყნისთვის. როგორ შეიძლება ლაპარაკობდე ამ ვითარებაში კონფლიქტზე, უსაფრთხოებაზე, რუსეთის მოქმედებაზე და რუსეთს არ ახსენებდე რეზოლუციაში. ეს სრულიად გაუგებარია, არადეკვატურია და  ძალიან სამწუხაროა, რაც ხდება. მე ვფიქრობ, რომ რაღაც ბოლო უნდა ჰქონდეს ამ ყველაფერს, ამიტომ ვცდილობთ პოლიტიკური ძალები, რომ კომპენსაცია მოვახდინოთ ამ სამარცხვინო საქციელის, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ქართული ოცნების მხრიდან". – თქვა წერეთელმა

მმართველი გუნდი და ოპოზიცია უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე ვერ შეთანხმდა. დღეს მამუკა მდინარაძემ ქართული ოცნების მიერ მომზადებული პროექტი წარადგინა, სადაც რუსეთი ნახსენები არაა.

გუშინ, 26 იანვარს ევროპულმა საქართველომ რუსეთის ყოფილ საელჩოსთან უკრაინის მხარდამჭერ აქციას გამართა. შენობის კედელზე სპეციალურად მომზადებულ კლიპი გაუშვეს, რის შემდეგაც, იყო სიტყვით გამოსვლები. 
 

უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

 

კომენტარები