ახალი რუსული კანონი

ოხანაშვილის თქმით, ვისაც კინოცენზურა არ მოეწონება, სასამართლო ეყოლება ეფექტიან მექანიზმად

ტაბულა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა 22 აპრილს ქუთაისში ლგბტ უფლებების შემზღუდველი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვისას თქვა, რომ ფილმები, შესაძლოა, ცენზურას დაექვემდებაროს.

ქართული ოცნების დეპუტატის თქმით, ტელევიზიით გაშვებულ ნაწარმოებებს "შესაბამისი სამსახურები" შეისწავლიან და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება სასამართლოში იქნება შესაძლებელი.

"იქნება, დავუშვათ, ტელევიზიით კონკრეტული ნაწარმოები გაშვებული. აი ეს ნაწარმოები ემსახურება თუ არა პროპაგანდას, ეს იქნება შესაფასებელი. როგორ უნდა მოხდეს შემდგომ ამ ნაწარმოებთან დაკავშირებით - შესაბამისი გაფრთხილება უნდა იყოს ფილმის დასაწყისში, შესაბამისი მომენტი უნდა დაიბლაროს, უნდა ამოჭრას, თუ როგორ უნდა მოხდეს... რა თქმა უნდა, ფილმის აკრძალვა ესე ვერ მოხდება. ყველაფერს სჭირდება შეფასება. შემფასებელი იქნება შესაბამისი სამსახური, თუ ვინმე არ ეთანხმება ამას, რა თქმა უნდა, ექნება სასამართლოს გზით თავისი უფლების დაცვის ეფექტიანი მექანიზმი. ესე მუშაობს ყველაფერი ხო სახელმწიფოში, მთავარია, რომ ვინმე არ დაიჩაგროს, თუმცა, ისიც არ მოხდეს, რომ ვინმემ თავისი უფლების დაცვის ინტერესით პროპაგანდირება გაუწიოს კონკრეტულ საკითხს. ამიტომ, ეს სივრცეები იქნება, კაზუისტური სიტუაციებიც იქნება, თუმცა, ამ საკითხს დაარეგულირებენ შესაბამისი სამსახურები და შესაბამისი კანონმდებლობა". - თქვა ოხანაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ შეკრების თავისუფლების შეზღუდვის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ, შეკრება არალეგიტიმურად ჩაითვლება, შესაბამისი სამსახურები სათანადო ზომებს მიიღებენ.

"ძირითადად იქნება შესაბამისი ღონისძიებები. პირველ ჯერზე გაფრთხილება, შემდგომ შესაძლებელია იყოს შესაბამისი ადმინისტრაციული ჯარიმა და ასე შემდგომ, ეს საკითხები უნდა დარეგულირდეს კანონების პაკეტით, რომელიც უნდა მოჰყვეს ამ საკითხებს, იმიტომ, რომ აღსრულების ნაწილი, ეს არის უკვე საკანონმდებლო ნაწილი როგორ იქნება მოწესრიგებული, რომელი სამსახურები იქნებიან უფლებამოსილი ამ საკითხების შესაფასებლად". - თქვა ოხანაშვილმა.

ქართულმა ოცნებამ 29 თებერვალს დააანონსა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც "საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან" დაიცავდა.

3 აპრილს ოცნებამ "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტი შარშან ჩაგდებულ რუსულ კანონთან ერთად პარლამენტში დაარეგისტრირა.

10 აპრილს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობა დასახელდა. 22 აპრილს კი ქუთაისიდან დაიწყო კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა.

კომენტარები